“მიზეზებს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვეძებთ, თუმცა მაინც მენტალური პრობლემაა, რომ მოსახლეობის ნაწილი ვერ გამოვიდა იმ განცდიდან, რომ საერთო საკუთრების, ლიფტის, სადარბაზოს, სახურავის, სარდაფის თუ ეზოს მოვლა-პატრონობა მათ მოვალეობას არ წარმოადგენს”, -განაცხადა ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.
მან საკრებულოს საბინაო სამსახურის 8 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, სამსახური 15 პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი თანხა იხარჯება. არაბიძის თქმით, წელს აღნიშნული თანხა შემცირდა, თუმცა პროგრამების რაოდენობა არ შემცირებულა. გასულ წელს საბინაო პრობლემებისათვის 3 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი იყო განკუთვნილი.
პროგრამების ნაწილი 100 პროცენტით ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნაწილი კი 90/10 % , ან 80 / 20% თანადაფინანსებით ხორციელდება, თუმცა ხშირად მოსახლეობის მხრიდან თანხის გადახდა პრობლემა ხდება.