ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

24 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

23 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

24 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.

ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი.

ამ დროის მონაცემებით, ინფიცირებული 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სპეციალისტები უახლოეს საათებში უარყოფით პასუხს დამატებით კიდევ 3 პაციენტის ტესტზე ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 3 პაციენტი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 236 პირი.