ქართული სამკერვალო კომპანია “ემჯიემტექსი”, რომელიც პროდუქციას საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავდა, გაკოტრდა. ინფორმაციას სააგენტო report.ge აქვეყნებს. კომპანია, რომელიც სახელმწიფოს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინვესტიციით გაიხსნა, 300-მდე ადგილობრივის დასაქმების დაპირებას იძლეოდა. საწარმოს გახსნაზე იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი.
ამ დროისათვის კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება უკვე დაწყებულია.
კომპანიის მეწილეები არიან: ელიზბარ ლომინაძე – 10%; მიქალაკის ლიკარგო (ბრიტანეთის მოქალაქე) – 50%; ნოდარ საბანაძე – 40%.
გასული წლის დასაწყისში ქართული კომპანია ემჯიემტექსი H&M-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) იყიდებოდა.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ გახლდათ რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებდა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენდა.
საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 იყო განთავსებული. კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საწარმო სახელმწიფოს დაკვეთით პირბადეებს კერავდა. თუ რა გახდა გაკოტრების მიზეზი უცნობია, ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებნთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.