|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

43 000 ლარის "პედიგრი" ძაღლებისთვის და პრობლემები მუნიციპალურ საწარმოში

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე ზრუნვა ქუთაისის მერიამ თავად იტვირა და სამუშაოებისთვის ააიპ "სპეციალურ სერვისეს" 43 000 ლარი გამოუყო. როგორც დასუფთავების განყოფილების უფროსი არჩილ ტყაბლაძე ავისტოში აღნიშნავდა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში მოეწყობოდა მუნიციპალური საწარმო, რითაც უპატრონი ძაღლების "გაძაღლებული" ცხოვრება დასრულდებოდა.

მიუხედავად დაპირებისა, ქუთაისის ქუჩებში უმეთვალყურეო დარჩენილ  ცხოველებს არც თუ იშვიათად შეხვდებით. თუმცა ააიპში მოსახლეობას აიმედებენ, რომ "დაავადებული" ძაღლები მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"სპეიალური სამსახურის" დაპირების არ სჯერათ არასამთავრობო ორგანიზაციის  "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ".  ორგანიზაციის თავმჯდომარის  თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით,  ძაღლების მდგომარეობა გაუარესდა. ლაჭყეპიანი ამავდროულად გაცილებით მწვავე თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, ძაღლები ქრებიან, სავარაუდოდ კი, შავ ბაზარზე გასატანად.

"არსებობს საფრთხე იმისა, რომ ძაღლებს კლავენ და  შავ ბაზარზე გააქვთ გასაყიდათ, სადაც  მის რეალიზაციას აღმოსავლეთის ქვეყნები ახდენენ.  ამას გარდა  უპატრონო ძაღლების თავშესაფარში, რამდენიმე  ათეული  ძაღლი შიმშილისა და სიცივის გამო იღუპება",-აცხადებს ლაჭყეპიანი და ბრალდებებს   (ა)აიპ" სპეციალურ სერვისების" მისამართით გამოთქვამს.  მისივე თქმით, რაც   თავშესაფარი  მუნიციპალურ დაწესებულებას გადაეცა,  გაიზარდა უპატონო ძაღლების  სიკვდილიანობა, ამ ხნის განმავლობაში თავშესაფარში მხოლოდ ფასადური ცვლილება აღინიშნება.

"თავშესაფარში  ამ დრომდე არ ხდება ძაღლების კასტრაცია, ძაღლებს არ უტარდებათ ვეტერინარული დახმარება და საერთოდ,  თავშესაფარში არ ჰყავთ ვეტერინარი.  შენობა, სადაც 50-მდე  უპატრონო ძაღლია მოთავსებული  ღიაა და ცხოველებს აწვიმთ. ზედმეტია საუბარი, შენობის დათბუნებაზე. ირღვევა ცხოველთა უფლებები, არსებული მდგომარეობის გამო რამდენიმე  ძაღლი დაიღუპა.  ჩვენ სისტემატურად ვახდენთ დაკვირვებებს.  ეჭვის საფუძველი  გამქრალი ბირკიანი ძაღლებია, რომლების დაჭერაც მასიურად ხდება, გამოძახებების გარეშე და სად ქრება ეს ძაღლები, კითხვაზე პასუხი არ ჩანს. ამიტომ გვაქვს ეჭვი იმისა, რომ  უპატრონო ძაღლები შავი ბიზნესის მსხვერპლნი არიან",-განაცხადა  თემურ ლაჭყეპიანმა.

ლაჭყეპიანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ქუთაისის  ააიპი "სპეციალური სერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი მჟავანაძე და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა გაუჩინარებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია.  მისი თქმით, ამ დროისთვის  თავშესაფარში დამაკმაყოფილებელი პირობებია. შენობაში მოწესრიგებულია  სასათბურე პირობები, ყოველღიურად ხდება  შენობის  წყლის ჭავლით დასუფთავება.

"აღნიშნული ბრალდებები სრული დეზინფორმაციაა. ძაღლები, ამ დროისთვის არიან იზოლირებულნი და უკედ ქუჩასთან  შედარებით. შენობაში მოწესრიგებულია  სასათბურე პირობები, ყოველღიურად ხდება  შენობის  წყლის ჭავლით დასუფთავება.  ერთი შემთხვევაც არ გამოვლენილა, რომ  ძაღლის სიცივით, ან შიმშილით დაღუპულიყო. ჩემთვის გაუგებარია, რა გაუჩინარებაზე საუბრობს  არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან რა ფუნქცია ავალია მის ამ ბრალდებებს",-აცხადებს მჟავანაძე.

აქვე დასძენს, რომ  ძაღლების მოვლა-პატრონობისათვის გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში  43 ათასი ლარის 10 ტონა საკვების შეძენა მოხდა. ასევე მალე დაიწყება შენობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, რაც საჭიროა კასტრაცია - სტელირიზაციისთვის.   

"ხაზგასმით ვიმეორებ, ყველა დაინტერესებულ პირს  შეუძლია  ნახოს  თავშესაფრის ამჟამინდელი  მდგომარეობა.  კაპიტალური ვოლიერებია გაკეთებული და ეტაპობრივად დაიწყება სრული დატვირთვა ძაღლების მოვლა-პატრონობის და მდგომარეობაც  გაუმჯობესდება. სულ 2 თვეა, რაც  მუნიციპალურ სამსახურს გადმოეცა თავშესაფარი და ჩვენ  მოვაწესრიგეთ ვოლიერები, მოვლა-პატრონობის და კვების საკითხი. ბაზის გაუმჯობესება ეტაპობრივად  მიმდინარეობს. ვეცდებით, წლის ბოლომდე  დასრულდეს საჭირო ატრიბუტების მობილიზაცია და უკეთესი პირობების შექმნა",- აღნიშნავს განყოფილების უფროსი.

ხშირად ქუჩაში მყოფი ძაღლები მოსახლეობის აგრესიის მსხვერპლი ხდება. როგორც მოქალაქე თამარ ცინაძე  ამბობს,  მაწანწალა ძაღლების ქუჩაში ყოფნა  საზოგადოებას დიდ პრობლემას უქმნის, რადგან ისინი დაავადების მატარებლები არიან.

"ძაღლი ადამიანის მეგობარია, მაგრამ საფრთხე არ უნდა შეგვიქმნას, ამბობენ ვაქცინირებული ძაღლი საფრთხეს არ წარმოადგენსო, როგორ არ წარმოადგენს, ის ხომ ქუჩაში დაყრილი ნარჩენებით იკვებება, ასევე ანაგვიანებს გარემოს. ამიტომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ძაღლების გარეთ გამოშვების, თუმცა არც მათი მოკვლის მომხრე ვარ. ისინი იზოლირებულნი უნდა იყვნენ თავშესაფარში, სადაც ნორმალური გამოკვების საშუალება ექნებათ",- აღნიშნა ცინაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისში, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების  რიცხვი 100-მდეა.  თავშესაფარში,  ამ დროისთვის კი 60-მდე ძაღლია განთავსებული. ამ დრომდე ქუჩაში რჩება რამდენიმე  ერთეული ძაღლი, რომლებსაც არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი