October 17, 2014

ბაღდათის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამგებლის დაქვემდებარებაში მყოფი კადრების გათავისუფლება და ჩამოქვეითება მოხდა. როგორც მათ ,,Newpress“ – თან საუბრისას განაცხადეს, ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება და ამის შესახებ მათ თავად გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ განუცხადათ:

,,ამჟამად ვარ ჩამოქვეითებული და სავარაუდოდ გამათავისუფლებენ კიდეც. მე ვუთხარი, რომ “ნაციონალი” არ ვიყავი და 1991 წლიდან ვმუშაობ გამგეობაში, თუმცა მისი თქმით, მას დაავალეს, ვინც კი “ნაციონალებთან” ერთად მუშაობდა, უნდა წავიდეს.“ – განაცხადა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ეკა კბილაშვილმა.

ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე პოლიტიკურ დევნას უარყოფს, აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები სრულიად კანონიერად განახორციელა: ,,ქალბატონი ეკა ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც თანამდებობრივად ჩამოქვეითდა. სამსახურის უფროსს პირადად მე ვათავისუფლებ და ვნიშნავ. ჩავთვალე, რომ ამ თანამდებობაზე სხვა პიროვნება უნდა დამენიშნა, რომლისთვისაც მეტი დავალება მინდოდა მიმეცა. ხოლო ქ-ნ ეკას კი შევთავაზე განყოფილების გამგის თანამდებობა, რათა სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო. აქედან, საერთოდ რომ გამეთავისუფლებინა, უარესი იქნებოდა.” – განაცხადა გეგეშიძემ.

მსგავსად კბილაშვილისა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე სოფელ ნერგეთის ყოფილი რწმუნებული, ოთარ გარუჩავაც საუბრობს.

,,ჩვენ გამგებლისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე ხდებოდა ჩვენი გათავისუფლება, თუმცა უშედეგოდ.“ – განაცხადა გარუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ბათდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის, ბრძანებით გათავისუფლებულია 67, ხოლო სამსახურეობრივად ჩამოქვეითდა 8 ადამიანი.