ქუთაისის #7 საჯარო სკოლას დამატებითი საინჟინრო შესწავლა ესაჭიროება, – ამის შესახებ დღეს განაცხადეს შეხვედრაზე, რომელსაც ქუთაისში ვიზიტად მყოფი განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ესწრებოდა.
მინისტრი ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს იმერეთის რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად შეხვდა.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს. მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
მინისტრის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
მინისტრმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.
ცნობისთვის, სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურება საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. სკოლა 1200 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 5 667 779 ლარი განისაზღვრა.