საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ჰაბის ერთ-ერთი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესება, მომავალი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნა და ეროვნულ ოლიმპიადებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.
ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, დაპროგრამების და ალგორითმების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.
პირველ, „დაპროგრამების საფუძვლების C++“ კურსზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და მალე სწავლის პროცესი დაიწყება.
21 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია ღიაა მეორე, „დაპროგრამების საფუძვლების Python“ კურსზე, რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების ენა Python-ის საფუძვლებს.
მესამე, „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსზე რეგისტრაცია მეორე კურსის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
კურსების დასრულების შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის მიმართულებით, ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საოლიმპიადო შერჩევის პროცესში, გაიარონ ინტენსიური მომზადება და მომავალში საქართველოს სახელით ევროპისა და მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგიურ ჩემპიონატებში მიიღონ მონაწილეობა.
თიბისის მხარდაჭერით ჰაბის საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროგრამისტების, ინჟინრებისა და ინოვატორების განვითარებას.