არაფერი აახლოებს ისე მსოფლიოს ხალხებს, როგორც საერთო დღესასწაული – ახალი წელი – მას ხომ ყოველი ადამიანი განსაკუთრებულად აღნიშნავს. როგორ ხვდებიან ამ ულამაზეს დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში და რა უცნაურობები ახასიათებს საახალწლო რიტუალებს?
ავსტრია – აქ საახალწლო საჩუქრებისა და ბარათების გაგზავნის ტრადიცია XVIII ს-დან მოდის. ავსტრიელის სუფრა 31 დეკემბერს უხვი უნდა იყოს. ბევრი ფული რომ ჰქონდეს, საახალწლო სუფრაზე ის აუცილებლად მიირთმევს ბარდას, ჯანმრთელობა უნდა? – მაშინ პირშუშხა უნდა დააგემოვნოს. აი, კიბორჩხალა კი სუფრაზე არ უნდა გაჭაჭანდეს – ის ხომ უკან-უკან დადის! რაც შეეხება საახალწლოდ მორთულ დედაქალაქ ვენას – ეს ნამდვილი სასწაულია!
ინგლისი – აქ ახალი წლის მოახლოებას სპეციალურად აღმართული ზარის რეკვით ამცნობენ. თავდაპირველად ზარის ხმა “მოგუდულად” ისმის, რადგან ის სქელი ქსოვილითაა შეფუთული, ნელ-ნელა ქსოვილს აცლიან და მეთორმეტე ჩამორეკვა ყველას ესმის, რადგან ზარი უკვე “შიშველია”. ამას გარდა, როცა საათი რეკვას იწყებს, ბრიტანელები სახლის უკანა კარს აღებენ – ძველი წლის “გასაბრძანებლად”, ბოლო ჩამორეკვასთან ერთად კი სადარბაზო კარს აღებენ – ახალი წლის შემოსაბრძანებლად.
ბრაზილია – ახალი წლის ღამით რიო-დე ჟანეიროს მკვიდრნი თეთრი ტანსაცმლით იმოსებიან და საჩუქრებს უძღვნიან ზღვის ქალღმერთ იემანჟეს. ზღვის ღვთაების თაყვანისცემა შთამომავლებს იმ აფრიკელებისგან გადაეცა, რომლებიც ოდესღაც ბრაზილიაში მონებად გალერებით ჩამოიყვანეს. ქალღმერთისთვის განკუთვნილ საჩუქრებს – ყვავილებს, თეთრ სანთლებს, პარფიუმერიას, სარკეებს პატარა ნავებით უშვებენ წყალში და მადლობას სწირავენ მიმავალი წლისთვის.
იაპონია – ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი ბამბუკისგან დამზადებული, მდიდრულად მორთულ-მოხატული ამულეტი კუმადე – ფოჩხია, ბედნიერების “მოსახვეტად”. მისი ზომა 10 სმ-დან 1,5 მეტრსაც აღწევს. წლის ღვთაების “მოსათაფლად” კი იაპონელები სახლის წინ კადომაცუს – სამი ბამბუკის ჯოხის პატარა ჭიშკარს აღმართავენ. ასევე შუაღამით 108-ჯერ ჩამოკრავენ ზარს. იაპონელთა რწმენით, თითო ჩამორეკვა თითო ადამიანურ მანკიერებას “კლავს”, დანარჩენი კი – მანკიერებების აჩრდილებს.
იქაურ სუფრაზეც ყველაფერი სიმბოლურია – გრძელი მაკარონი – ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, ბრინჯი – ქონების, ლობიო – ჯანმრთელობის.
ახალი წლის პირველ დღეს, გათენებისთანავე, იაპონელები გარეთ გადიან, მზის ამოსვლას ეგებებიან და პირველი სხივების გამოჩენისთანავე ერთმანეთს საჩუქრებით ულოცავენ ახალ წელს. წყარო: ambebi.ge