"სპეციალური სერვისები“ ცხოველთა დამცველების ბრალდებას უარყოფს
ქ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გელა გაგუას განცხადებით, მათ ტერიტორიაზე ძაღლების დახოცვის ფაქტს ადგილი არ ქონია. მისი თქმით, გავრცელებული მასალიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ კადრები მოპოვებულია მიტოვებულ, გაურკვეველ ტერიტორიაზე. ეს კი არ ადასტურებს თავშესაფრის თანამშრომელთა მიერ ცხოველთა დახოცვის ბრალდებას.
ააიპი "სეციალური სერვისები" ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შუაღამით, უნებართვოდ შევიდნენ ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ვიდეო კადრებში არსებულ სისხლს, "სპეციალურ სერვისების" განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვოილერებიდან დეზინფექციის მიზნით გამოყვანილი ცხოველები ერთმანეთს აზიანებენ:
"ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს“ საკურატოროდ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ამ დროის განმავლობაში, ამ წუთებამდე აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ოთხი თვის განმავლობაში მოწესრიგდა უშუალოდ ცხოველთა თავშესაფრები, ე.წ ვოილერები და ფუნქციონირება დაიწყო ამბულატორიულმა კაბინეტმა. 200-მდე ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზაცია, კასტრაცია და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის მკურნალობა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ძაღლების დახოცვის ფაქტს, ჩვენს ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. გავრცელებული მასალიდან მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კადრები მოპოვებული იქნა მიტოვებულ, გაურკვეველ ტერიტორიაზე, რომელიც ვერ ადასტურებს თავშესაფრის თანამშრომელთა მიერ ცხოველთა დახოცვის ფაქტს და კონკრეტულ ადგილს. რაც შეეხება თავად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შუაღამით, უნებართვოდ ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე, ნასვამ მგომარეობაში, განხორციელებულ ე.წ "მონიტორინგს", საეჭვოა მათივე განცხადებიდან გამომდინარე. ანონიმურმა წყარომ ცხოველების დახოცვის შესახებ მათ დღის 5 საათზე აცნობა, ხოლო ე.წ მონიტორინგი განხორციელდა არა მყისიერად, არამედ ღამის 1 საათზე, რაც მხოლოდ სისხლის ნაკვალევის აღმოჩენით შემოიფარგლა. ვაცხადებთ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ვოილერებიდან დეზინფექციის მიზნით გამოყვანილი ცხოველები ერთმანეთს აზიანებენ",- ნათქვამია "სპეციალურ სერვისების" განცხადებაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი



11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















