|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ დაუჯეროთ მატყუარებს!

ვიდრე აზრებს გაგიზიარებდეთ, მოკლედ გიამბობთ ჩემ შესახებ. წლებია, ჟურნალისტად ვმუშაობ... 22-25 წელია, თითქმის ყოველდღე ვწერ... ხან გამომდის და ხან _ არა.  ბოლო პერიოდია, საქართველოს ევროპაში შესვლასა და ამ ამბის აუცილებლობაზე ვწერ... აგრეთვე, რუსეთზე, სახელმწიფოზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%- ის ოკუპაცია მოახდინა.    ვწერ და ვწერ... ზოგს მოსწონს ჩემი ნაწერი, ზოგს _ არა. ზოგი მეთანხმება და ზოგიც პირიქით _ მეწინააღმდეგება. ეს კარგია _ დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს... ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება ვართ _ სოფლად და ქალაქად მცხოვრებლებს _ თბილისელებს და ბათუმელებს; ზუგდიდელებს და თელაველებს; ქუთათურებს და ახალციხელებს; გორელებს და საგარეჯოელებს; მესტიელებს და ოზურგეთელებს _ დემოკრატია და დემოკრატიულობა გვაერთიანებს.
ამ აზრთა ჭიდილში იკვეთება მთავარი აზრი, ის, რასაც ქვეყანა მიჰყვება... მისი ხელისუფლება აღასრულებს...
ამას წინათ დავწერე, რომ 1801 წლიდან დღემდე, დიდი მსხვერპლი გავიღეთ... ანუ, ჩვენი ბევრი წინაპარი შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გავიხსენე XIX საუკუნის არაერთი აჯანყება, სისხლში ჩახშობილი წინააღმდეგობები... ბოლოს კი 2008 წლის ამბებიც მიმოვიხილე და, მგონი, ყველა დამეთანხმა... თითქმის ყველა.
ახლა მახსენდება, იმ დისკუსიაში ჩვენი რამდენიმე თანამემამულე შემეკამათა და არ მოიწონეს შეფასება _ "რუსეთი ოკუპანტია"... მერე ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი? რატომ არ უნდა ეთანხმებოდე ხსენებულ ჭეშმარიტებას?! სიმართლე გითხრათ, სათანადო პასუხი ვერ მოვძებნე, ვერ მოვიძიე.
ერთადერთი აზრი, რომელიც დღემდე მიტრიალებს და არ მასვენებს, ისაა, რომ ეს პირები, ვინც რუსეთის ოკუპანტობას არ აღიარებენ, უბრალოდ არარსებულები არიან... უფრო ზუსტად, რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანი იმალება მათი სახელების მიღმა, მაგრამ, ეს ადამიანი ნამდვილ გვარ-სახელს მალავს და ფსევდონიმით კი არა, ტყუილი სახელით ავრცელებს ათას ჭორსა და ცრუ ამბავს.
"ფეისბუქს", რომლითაც ბევრი ჩვენგანი სარგებლობს (და სადაც ხსენებული დისკუსია გაიმართა), სამწუხაროდ, არ აქვს ფუნქცია, რომ ნამდვილი ცრუ მომხმარებელისგან გაარჩიოს. მაგალითად, შემიძლია გავხდე აშშ-ის პრეზიდენტი ობამა და ბევრს შეიძლება დავაჯერო კიდეც, რომ ობამას წერილებს თუ სტატუსს ეცნობა.
ინტერნეტში წავაწყდი ცნობას, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე სახელმწიფოს სპეცსამსახურებს ამგვარი მინიმუმ 30 000, _ სხვისი სახელით მოსარგებლე პირი ჰყავს _ ზოგს ობამა ჰქვია, ზოგი კი უცნაური სახელებით სარგებლობს.
მათი ამოცნობა, დაკვირვებული თვალისთვის რთული არ არის. საკმარისია, მათივე გვერდების ფოტოები დავათვალიეროთ და აღმოაჩენ, რომ არც ერთს, არ აქვს დადებული საკუთარი ფოტო, ისინი სხვისი ფოტოებით სარგებლობენ. ინტერნეტში მათ `ტროლ არმიას~ უწოდებენ _ ანუ, ტყუილების გამავრცელებლებს და სიტუაციის ამრევებს.
რა ზიანი მოაქვთ ამგვარ პირებს? ისინი რეალურად ხელს უწყობენ ჭორების, ანუ მითების, უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ ტყუილების გავრცელებას.
ეს ტყუილები, რეალურად, საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ამომრჩევლის ნაწილს მართლაც სჯერა, რომ, მაგალითად, ევროპაში შესვლის შემთხვევაში ჩვენს რელიგიას, მართლმადიდებლობას საფრთხე შეექმნება; ზოგს იმისიც სჯერა, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში, ჩვენ სამუდამოდ წაგვართმევენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონებს.
რეალურად, _ ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაერთიანება, ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს... ამას ადასტურებენ არა მხოლოდ გონიერი ადამიანები, არამედ ციფრებიც. მაგალითად, როდესაც ლიტვა, ლატვია ან ესტონეთი გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში, მათი ეკონომიკა 6-ჯერ გაიზარდა. რუსეთმა დამოუკიდებელი და დაცული ქვეყნების ტერიტორიებზე უარი თქვა.
მეორე ტყუილი _ ბრძოლა მართლმადიდებლობასთან ხომ საერთოდ აბსურდულია _ იმ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, რომელშიც საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება, სწორედ რამდენიმე მართლმადიდებელი სახელმწიფოა, რომლებიც თავს უფრო უსაფრთხოდაც გრძნობენ და მათი რელიგიაც, რწმენაც, უფრო დაცულია. მაგალითად, ასეთია საბერძნეთი _ ისტორიული და ტრადიციული ქვეყანა.
სამწუხაროდ, რუსეთის მომხრეებს, იმ პირებს, რომლებიც ჭორებს და ტყუილებს ავრცელებენ ევროკავშირსა და ნატოზე, ეს მაგალითები არ ახსენდებათ... აგრეთვე, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ჩვენი კულტურის არაერთი ძეგლი სწორედ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გადაგვირჩინეს. სამწუხაროდ, არავის ახსენდება ის, რომ ღვინის ქვევრში დაყენების წესი, მსოფლიომ მის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა... ან, ვთქვათ ის, რომ რამდენიმე წლის წინ `იუნესკომ~ ვაჟა-ფშაველას იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა.
ტყუილებს ავრცელებენ ჩვენს ჯარზეც _ თითქოს, ის სათანადოდ შეიარაღებული არ არის, ან მას ბრძოლა არ შეუძლია _ დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა ავღანეთში და იქ საკუთარი პროფესიონალიზმი დაამტკიცეს, რასაც, ამერიკელები და ევროპელები ერთხმად აღიარებენ.
სამწუხაროდ, უამრავ სხვა ტყუილთან ერთად, ისმის, რომ ნატო და ევროკავშირი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს არ დაგვიბრუნებს, თუმცა, მათ ავიწყდებათ: რეალურად ვინ წაგვართვა ხსენებული ტერიტორიები? პასუხი ნათელია _ რუსეთმა! ნატოს წევრობა კი მინიმუმ იმის გარანტიაა, რომ ტერიტორიებს ვეღარ წაგვართმევენ... დამყარებული მუდმივი მშვიდობა კი განვითარების წინაპირობაა. განვითარების (და მუდმივი ომის შიშის გარეშე ცხოვრების) შემდეგ კი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გაცილებით იოლად აღდგება.
...დაბოლოს, ტყუილია, თითქოს საქართველოსთვის გამოსავალი ნეიტრალიტეტია.
შეგახსენებთ, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ჩანაწერი: `საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა~, ანუ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ აღიარა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ბოლშევიკური რუსეთისათვის, რომ არასრულ სამ წელიწადში _ 1921 წლის თებერვალში შემოჭრილიყო და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაეუქმებინა. დაახლოებით იგივე ხდება უკრაინაში _ უკრაინა დღემდე ამბობს, რომ აღარ სურს ნატოში გაწევრიანება, თუმცა, ამ სახელმწიფოს ტერიტორია _ ყირიმის ნახევარკუნძული უკვე მიტაცებულია.
ასე რომ, ტყუილია, თითქოს ნეიტრალიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა. ტყუილია ისიც, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა გვიხსნის შესაძლო აგრესიისგან, პირიქით, ამ დროს ჩვენს მოწინააღმდეგეს მადა კიდევ უფრო გაეხსნება.

 

ავტორი: ირაკლი ტაბლიაშვილი