"არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას"
16 არასამთავრობო ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილსა და არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას. 2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: „აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას. განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს, კერძოდ: „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ, რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას... ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ: სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI; მედიის განვითარების ფონდი - MDF; საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI; საფარი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD; თანასწორობის მოძრაობა; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი - CSEM; მედია კლუბი; შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.
ავტორი: ნიუპრესი