|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რუსთავი -2"-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. "უკიდურესად შემაშფოთებელია უკანასკნელი თვეების მანძილზე „რუსთავი 2-ის“ - ყველაზე რეიტინგული და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომლის შედეგად ტელეკომპანია საქმიანობის შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე დგას. ამგვარი მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს, მის ყველა შტოს, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სახელმწიფოში პლურალისტური მედიის არსებობა, რაც სამართლიანი არჩევნების აუცილებელი წინაპირობაა.

არსებობს საფუძვიანი ეჭვი, რომ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ წარმოებული კერძო სამართლებრივი დავის ძირითადი მიზანი ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება ან თუნდაც შეჩერებაა. აღნიშნული სათავეს იღებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებისგან. მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ ნეგატიური დამოკიდებულება და უკმაყოფილება კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის საქმიანობის მიმართ. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერგამოხატა დაინტერესება „რუსთავი 2-ის“ მფლობელობის საკითხისადმი, გააკეთა რა განცხადებები მისი „კანონიერი“ თუ „უკანონო“ მესაკუთრეების შესახებ. შესაბამისად, იქმნება რეალური შთაბეჭდილება, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, „რუსთავი 2-ის“ მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღების შესახებ, ხსენებული დაინტერესების ლოგიკური გაგრძელებაა"-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ,  "გააცნობიეროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობის მეშვეობითაა შესაძლებელია ყველა შეხედულება და პოლიტიკური პერსპექტივები იქნეს გაჟღერებული". 

 

ავტორი: ნიუპრესი