ARMY CARD _ ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი იწყება. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.
პროექტის იდეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი მის ერთ-ერთ თანამშრომელს, რეზი სეხნიაშვილს ეკუთვნის, "საქართველოს ბანკის" აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება. "საქართველოს ბანკი" თავდაცვის სამინისტროს იდეას გამოეხმაურა და პროექტის რეალიზებისთვის საუკეთესო სამოქმედო გეგმა წარადგინა.
5 მაისს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს "საქართველოს ბანკს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სს "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს ხელი.
ახალი პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "საქართველოს ბანკს", ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ. ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები – ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით _„მადლობა სამსახურისთვის. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სპეციალური ბარათი _ ARMY CARD შექმნა. ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. ამასთან, შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ბარათით გადახდისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები (ყოველი გადახდისას გარკვეული თანხა ე.წ.Cash Back - ის სახით უკან დაუბრუნდებათ) წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბარათის მფლობელი "საქართველოს ბანკისგან" თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას გადახდის მომენტისას მიიღებს. ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობება.
ARMY CARD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რადგან ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ. დაგეგმილია პროექტ Army Junior _ ის განხორციელებაც. ეს იქნება ბარათი შვილებისთვის, რომელზეც თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში სპეციალური პირობები გავრცელდება.
პროექტში ჩართულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია და მათი მონაწილეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება სამხედრო მოსამსახურეების წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.
სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: