|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ასეთი მძიმე დასკვნა არ წამიკითხავს, გელათი ნადგურდება - ანა ნაცვლიშვილი

ასეთი მძიმე დასკვნა  არ წამიკითხავს, არ გამიგია, გელათი ნადგურდება - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გელათის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კულტურის მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, არამედ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომლებიც გელათის მონასტერთან დაკავშირებით მიმდინარეობს.  

„ხელში მიჭირავს ახლახან გამოქვეყნებული ძალიან შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელი დასკვნა გელათის მონასტერთან დაკავშირებით, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მასში წერია ყველა ის ფაქტი და მოვლენა, რომელიც დამართეს მონასტერს ე.წ . რეაბილიტაციის პროცესში. ჩვენ გვქონდა რა დარგის შესაბამის სპეციალისტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ეს უმძიმესი შედეგი დადგებოდა და ვაყენებდით განმეორებითად ხელისუფლების წინაშე წინადადებებს, როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან ის უმძიმესი შედეგი, რაც ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის ოფიციალურ დასკვნაში უკვე წერია, რომ არის დამდგარი. დასკვნაში ასევე წერია, რომ თუ ასე გაგრძელდება და ამ ეტაპისთვის არაფერი გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ სხვანაირად გაგრძელდება, ჩვენ დავკარგავთ გელათს. ასეთი მძიმე დასკვნა მე არ წამიკითხავს, არ გამიგია და ორმაგად მძიმეა ასეთი დასკვნა, როდესაც ის ეხება საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ, რელიგიურ, ისტორიულ კერას. ეს უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს დაუდევრობად, არაპროფესიონალიზმად, გულგრილობად. პირადად თეა წულუკიანის, კულტურის მინისტრის, პასუხისმგებლობაა დანაშაულები, რაც ხდება გელათთან მიმართებით და მე მინდა მას მოვუწოდო - არავითარი გადადექი და არავითარი სახლში წადი, უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა ამ დასკვნის და არაერთი სხვა მძიმე დასკვნის საფუძველზე და ეს გეგმა აღასრულოს, რათა გელათი გადარჩეს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი, პროცესი არის სრულიად ჩაკეტილი, ფაქტობრივად, გასამხედროებული.

ამ პროცესში მას არ ჰყავს ჩართული არც ქართველი და არც უცხოელი შესაბამისი სპეციალისტები. ქართველი პროფესიონალებისთვის ეს პროცესი არის ფაქტობრივად, საიდუმლო, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ ჩაიხედონ საკითხებში და შესთავაზონ სახელმწიფოს და ქვეყანას გამოსავლის გზები. ყველა მძიმე დასკვნა, რომელიც პროფესიულია, მიუთითებს, რომ ამ წლების განმავლობაში, მათ შორის წულუკიანის მინისტრობის დროს გაწეული სამუშაოები, არის არასწორი, არის შეცდომით, რამაც დააზიანა ძეგლი და ეს დაზიანება შეიძლება იყოს შეუქცევადი დღეის მდგომარეობით. მოვუწოდებ მინისტრს, აიღოს პასუხისმგებლობა, დადოს გეგმა და გააკეთოს ყველაფერი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, რომ გადარჩეს გელათი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა