|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-მ საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ ეს წვრთნები ახლა დაგეგმილი იყო 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე.

„შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო. NOBLE PARTNER-ის გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს, ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს, მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში. შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის, წვრთნების – AGILE SPIRIT-ის ჩატარებას 2025 წელს,“ წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქართული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.“

 

ავტორი: ნიუპრესი