|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათენში, დროებით დაკავების იზოლატორში, 40-მდე ქართველი ქალი შიმშილობს

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ქართველი მიგრანტების შიმშილობის შესახებ.  

ათენში, ელინიკოს დროებითი დაკავების იზოლატორში 40- მდე საქართველოს მოქალაქე ქალი იმყოფებოდა, რომლებიც   სამედიცინო პუნქტებში შემოწმებისას არალეგალურად მუშაობისთვის დააკავეს.  დაკავებულთა შორის არიან  სრულიად უსაბუთო პირებიც.

"დღეს 16 სთ-ზე დაპატიმრებული ჩვენი თანამემამულეების თხოვნით ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი და ჩვენი სათვისტომოს წევრი გიორგი კილაძე იმყოფებოდნენ ელინიკოს დროებითი დაკავების იზოლატორში და უშუალოდ მოისმინეს მათი პრობლემების და მოთხოვნების შესახებ. 

 შეგვიძლია, მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობლობით განვაცხადოთ, რომ არსებული მდგომარეობა საჭიროებს ათენში საქართველოს საკონსულოს ხელმძღვანელი პირების ჩართულობას და მდგომარეობის ადგილზე გაცნობას.

 ასევე დადასტურდა ინფორმაცია ელინიკოს დროებითი დაკავების იზოლატორში ჩვენი თანამემამულეების შიშშილობის შესახებ. 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ათენში საქართველოს კონსულს და ვიცე-კონსულს პირადად გაეცნონ მოშიმშილე ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას და მოახდინონ რეაგირება მათ მოთხოვნებზე",- ნათქვამია ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე