|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების სტუმრობა ვანის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში

8 დეკემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ეწვივნენ ვანის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიას და ახალგაზრდულ ევროატლანტიკურ კლუბს „სურიონი“.

ვიზიტის მიზანი  ახალგაზრდების უზრუნველყოფა მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შესაძლებლობით ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის საკითხებზე, ასევე საინფორმაციო და სამოქალაქო საქმიანობაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა იყო. შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ განვითარების და დემოკრატიის ცენტრი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. 

ვიზიტის დროს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ჩაატარეს სემინარი მოსწავლეებისთვის, რომელზეც მათ ინტერაქტიული მეცადინეობების საშუალებით გააცნეს ევროკავშირი, მისი წარმოშობა, ფასეულობები, სტრუქტურა და ურთიერთობა საქართველოსთან. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს ის შესაძლებლობები განათლების სფეროში, სამოქალაქო საქმიანობასა და მეწარმეობაში, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს სთავაზობს. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა მოსწავლეებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის და  ევროატლანტიკური კლუბის „სურიონი“ ახალგაზრდებთან პარტნიორული ურთიერთობის შესახებ, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების კავშირების და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. 

"მივესალმები ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტს ჩვენს ეპარქიაში. მნიშვნელოვანია თანატოლებს შორის ჯანსაღი დიალოგი და კომუნიკაცია. ზუსტი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ფონზე, საჭიროებს აქტიურ თანამშრომლობასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რაც ვფიქრობ, სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე." - აღნიშნავს მეუფე ანტონი, ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტი.

 

ავტორი: ნიუპრესი