|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლის მენტორობითაც შექმნილი გამოგონებით „ნასა“ დაინტერესდა

28 წლის ასაკში მოსწავლეთა არაერთი გამოგონების მენტორი, მასწავლებელი, რომელიც ლიდერ მასწავლებელთა ათეულში მოხვდა. მისი მენტორობით სენაკელი ბავშვების მიერ მიღწეული გამოგონებით  „ნასა“დაინტერესდა, ის ხელმძღვანელობდა ქუთაისელი ბავშვების ჯგუფს, რომელმაც „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

უტა კილასონია სენაკში დაიბადა, აქვე დაამთავრა საჯარო სკოლა, რის შემდეგაც ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, ამის შემდგომ გადავიდა თბილისში ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სწავლის პარალელურად დაბრუნდა საკუთარ რაიონში და სენაკში  წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი გახდა.

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის ხუთი მოსწავლე მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრა.

მისი მენტორობით სენაკელმა ბავშვებმა მეწყერსაშიში ზონებში შეტყობინებების წინასწარ მიმღები გამოიგონეს.

სენსორებისგან, მაგნიტის თუ სხვა მარტივი ტექნიკური აღჭურვილობისგან დამზადებული მოწყობილობა არის შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც მყისიერად აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. პარალელურად, ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.

მოსწავლეებს მოწყობილობის დამზადების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სტიქიამ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩაანგრია. შესაძლოა, აპარატმა ვერ უზრუნველყოს მატერიალური დანაკარგების თავიდან აცილება, მაგრამ ახალგაზრდა გამომგონებლების მტკიცებით, სწრაფი შეტყობინების პირობებში მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მაინც მოხდება.

ბავშვები მოწყობილობის შექმნაზე მენტორთან, უტა კილასონიასთან ერთად თითქმის 2 თვის მანძილზე მუშაობდნენ. პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ  სხვა ხელსაწყოებთან შედარებით იაფია. მათი გამოგონება უკვე დაინერგა სენაკში.

ბავშვებმა ნასაში გამართულ კონკურსებშიც გაიმარჯვეს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართულ ერთ კონკურსში პირველი ადგილი აიღეს, მეორეში კი მესამე.

 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებულ ჰაკათონში გრანპრი მიიღეს და მაიკროსოფტისგან გადაეცათ ლეპტოპები.

 

    

ქუთაისელი ბავშვების გამოგონებაც წარმატებული აღმოჩნდა. მანძილის მზომი რობოტი ადამიანების შრომას გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის, მისი მეშვეობით შესაძლებელია მანძილის გაზომვა მღვიმეებში.

მასწავლებელს ბავშვებთან მუშაობის საკუთარი მეთოდები აქვს. უტა კილასონიას განცხადებით, მისთვის ყველა იდეა საინტერესოა.

„ყველა ბავშვის იდეა ჩემთვის საინტერესოა, ვუსმენ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება მისი დახვეწა. მათი იდეა აღმოჩნდა საინტერესო და წარმატებული. ვეცნობით არსებული მიდგომებს,  ამის შემდგომ ვიგონებთ ინოვაციურ მიდგომებს.  ბავშვის მონდომებასთან ერთად მთავარია შესაძლებლობა და გარემო. რომ არა ეს ლაბორატორები, იდეა დარჩებოდა იდეად“,-განაცხადა უტა კილასონიამ.

უტა კილასონია ერთი წელია, რაც ქუთაისში ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ასწავლის. ამბობს, რომ სკოლაში არსებული პირობები და ადმინისტრაციის მიერ გაღებული რესურსი სრულ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს წარმატებას მიაღწიონ.

„აქ არსებული პირობები და ის კოლოსალური თანხები, რაც ჩადებულიამასში, არის პირობა წარატების, ყველა ბავშვი შეიძლება ვერ გახდეს გამომგონებელი, მაგრამ მოაზროვნე ადამიანები გაიზრდებიან, რაც ყველაზე მთავარია“,-განაცხადა ახალგაზრდა მენტორმა. მისი თქმით, ქუთაისის და სენაკის გარდა ჯგუფი ყავს მარტვილში, ბავშვებთან პრაქტიკულ გაკვეთილებთან ერთად ონლიან მეცადინეობებს ატარებს.

კითხვაზე, რამდენად არის აღნიშნული გაკვეთილები და ეს მეცნიერება  ბავშვებისთვის საინტერესო და რა უნდა მოხდეს საგნის პოპულარიზაციისთვის, პასუხობს, რომ ფიზიკა, იმ ფორმით, რა ფორმითაც წინა წლებში ისწავლებოდა, არ იყო საინტერესო, რადგან სიტყვით გადმოცემა ბავშვების დაინეტერესებას ვერ ახდენდა, დღეს არსებული მეთოდები, თვალსაჩინოება და ლაბორატორია კი კარგი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. მისი განცხადებით, ნიჭიერი ბავშვი ყველა სკოლაშია, უბრალოდ, მას სჭირდება კარგი გარემო და 21 საუკუნის მასწავლებელი.

  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი