ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნას აკრიტიკებს
ქვეყნის თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენს ინიციატივას. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს არასოდეს მოუთხოვია ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა.
ვიზიარებთ ახალგაზრდების დიდი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ მთავრობამ სწორად უნდა შეაფასოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები, მათ შორის, არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი ბიუროკრატიული სისტემის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით თვისობრივად ვერ გააუმჯობესებს არსებულ გარემოს და ვერ გააძლიერებს კომუნიკაციას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის.
ასევე, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მსგავსი უწყების შექმნა ახალგაზრდებთან ფართო და ღია კონსულტაციების გარეშე.
ჩვენი ინიციატივა, რაც გულისხმობს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას, მთლიანად ეფუძნება მოხალისეობრივი საქმიანობის პრინციპს, რაც არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსურ რესურსს. ეს არის წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში აპრობირებული ფორმატი და მისი უპირატესობა გამოიკვეთება იმით, რომ საბჭოს საქმიანობას წარმართავენ თავად ახალგაზრდები, რაც მეტად მაღალ ლეგიტიმაციას მისცემს პროცესს. სწორედ ახალგაზრდები ვგრძნობთ ყველაზე კარგად ჩვენი თაობის მაჯისცემას და ჩვენვე შეგვიძლია, ვიყოთ საუკეთესო მაკავშირებელი რგოლი მთავრობასა და საზოგადოებას შორის.
გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს ღია წერილით მივმართეთ მმართველი პარტიის, „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სადაც შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ვსაუბრობდით დიალოგის საჭიროებასა და აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღია წერილს მალევე მოჰყვა პრემიერის საჯარო გამოხმაურება, სამწუხაროდ, ინიციატივის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. ვთვლით, რომ მთავრობის მხრიდან ახალგაზრდული ინიციატივის უგულვებელყოფა ზრდის ხიდჩატეხილობას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის, რაც დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას.
მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, გაითვალისწინოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები და მხარი დაუჭიროს რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას, შესთავაზებს საზოგადოებას პოზიტიურ დღის წესრიგს და განმუხტავს არსებულ მძიმე ფონს"- ნათქვამია საინფორმაციო ჯგუფის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი