ახალი დირექტორი მოსწავლეთა სასახლეს ძველი დიდების აღდგენას პირდება
ქუთაისის მოსწავლე–ახლგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს. სასახლეს დირექტორი მას შემდეგ არ ჰყავდა, რაც თანამშრომლებმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოქმედ დირექტორს უნდობლობა გამოუცხადეს და ქალაქის ხელმძღვანელობას მიხეილ გიორგიძის თანამდებობიდან გადაყენება მოთხოვეს. თანამშრომლები დირექტორს სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო იწუნებნენ და აცხადებდნენ, რომ ის წინა ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, რასაც უკავშირედნენ თანამდებობაზე მის დანიშვნას. მოგვიანებით მიხეილ ფხაკაძეს თანამდებობა დაატოვებინეს მისი ადგილზე მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე ია ვერულაშვილი დაინიშნა, რომელიც ფხაკაძისგან განსხვავებით, თანამშრომელთა მხარდაჭერით სარგებლობდა.
სამი წლის განმავლობაში ია ვერულაშვილი სასახლის დირქტორის ფუნქციას ითავსებდა და სურვილი ჰქონდა დირქტორის პოსტი ოფიციალურად დაეკავებინა. თუმცა, მერიის და ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სასახლის დირექტორად მარინა მარჯანიშვილი დაინიშნა.
საკადრო ცვლილებამ მოვალეობის შემსრულებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ია ვერულაშვილი არ უარყოფდა, რომ მას ჰქონდა სურვილი დირქტორად ემუშავა და აღნიშნული საკითხით ხელმძღვანელობას განცხადებით მიმართა.
თვითმმართველობამ არჩევანი ააიპის ხელძღვანელის მიერ შეათავაზებულ კანდიდატურაზე შეაჩერა. როგორც ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ „ნიუპრესს“ განუცხადა, დირექტორის პოსტზე ის ადამიანი დაინიშნა, რომელსაც რეკომენდაციას არაერთი ცნობილი ადამიანი უწევდა:
„ყველასათვის ცნობილი იყო, რომ სასახლის დირექტორის პოსტი თავისუფალი იყო, ერთ–ერთ ღონისძიებაზე გავაჟღერე ამის შესახებ. ერთხელაც დამირეკა ნიკა წილუკიძემ და მითხა: „ქალბატონო ელისო, თუ სასახლეს დირექტორი არ ჰყავს, აგერ არ არის მარინა მარჯანიშვილი“. მე ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო და მსურდა ბევრი კანდიდატურა შემოსულიყო, რომ შემდეგ ღირსეული ამერჩია. თუმცა არ მოხდა ასე, არ შემოსულა განცხადებები“, – ამბობს ელისო ქაროსანიძე.
სასახლის კურატორის ია ვერულაშვილის განცხადებისა და სურვილის გათვალისწინება რამდენიმე მიზეზის გამო არ მოხდა. როგორც ელისო ქაროსანიძე აღნიშნავს, ია ვერულაშვილმა მის სახელზე 10 თებერვალს დაწერა განცხადება, სადაც აცხადებდა, რომ ის მუშაობდა მეორე სამსახურში და გათვალისწინებული ყოფილიყო ეს მდგომარეობა. ააიპის ხელმძღვანელის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორიც მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეა, მხოლოდ პირველის ნახევარზე არ უნდა მიდიოდეს სამსახურში.
„ია ვერულაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სასახლეში და მან თავისი წილი საქმე გააკეთა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მეტი იყო საჭირო, მეტი სიახლე, როდესაც გაქვს ამბიცია დირექტორობის, თავად უნდა იყო გარკვეული. მეტსაც გეტყვით, ია ვერულაშვილს „ფიზიკა–მათემატიკური“ აქვს დამთავრებული. ამასთან ერთად ის მუშაობდა კერძო სკოლაში. მას ჰქონდა უფლება ემუშავა სხვა სამსახურში, ისე, რომ არ დაეზარალებინა სასახლე, მაგრამ, დამეთანხმებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირველ საათზე არ უნდა მიდიოდეს სამსახურში, როგორადაც ხდებოდა. მან ამის შესახებ მხოლოდ 10 თებერვალს მომმართა განცხადებით. ასევე მან მომიტანა თანამშრომლების ხელმოწერა, სადაც ისინი მის დირექტორად დანიშვნას ითხოვდნენ. იმავე ღამით ჩემთან განხორციელდა რამდენიმე ზარი, მოვიდნენ თანამშრომლები და მითხრეს, რომ მათ განცხადებას ხელი მხოლოდ ხათრის გამო მოაწერეს. ამის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი და ვერულაშვილ სამსახურში სამივე შემთხვევაში არ დაგვხვდა. რაც გახდა ერთ–ერთი მიზეზი ახალი დირექტორის ძიების“, –განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.
სასახლეში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი არ სურს ია ვერულაშვილს, როგორ მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, დაიღალა ამაზე საუბრით, თუმცა არ უარყოფს, რომ მას თანამდებბაზე დარჩენის და მუშაობის სურვილი ჰქონდა. ამასთან ერთად აცხადებს, რომ თუკი მისი მეორე სამსახური იყო მიზეზი, მას შეეძლო არჩევანი სასახლის სასარგებლოდ გაეკეთებინა.
„აღარ მინდა ამაზე საუბარი, დავიღალე უკვე. მაგრამ არც არავისთვისაა სიახლე, რომ მე მსურდა ამ თანამდებობაზე დარჩენა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ყველაზე კრიზისულ სიტუაციაშიც არ მიმიტოვებია. არაფერი მაქვს ახალი დირექტორის საწინააღმდეგო და ვთვლი, რომ კარგი კადრია. რაც შეეხება ჩემს მეორე სამსახურს, თუ ეს იყო პრობლემა, ეთქვათ და მე არჩევანს სასახლის სასარგებლოდ გავაკეთებდი. სასახლე ჩემთვის სახლია და წლები შევალიე აქ მუშაობას, მაგრამ, როგორც გითხარით, აღარ მინდა ამაზე საუბარი“,–განაცხადა ია ვერულაშვილმა.
მარინა მარჯანიშვილი უკვე შეუდგა დირექტორის მოვალეობის შესრულებას. როგორც აცხადებს, ის სასახლეში მრავალი გეგმითა და იდეით მივიდა. მას ამ დროისთვის კი ამ თემებზე საუბარი არ სურს, რადგან თვლის, რომ ჯერჯერობით თანამშრომლებისა და სასახლის პოტენციალის გაცნობის პროცესშია და გეგმებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, როგორც სასახლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს, ასევე თანაქალაქელებს ბევრ საინტერესო ღონისძიებას და სასახლისათვის პირვანდელი სახელის დაბრუნებას პირდება.
მარჯანიშვილი აცხადებს, რომ ის ვაკანტურ ადგილზე მივიდა და არავის თანამდებობა არ დაუკავებია.
„თქვენ იცით, რომ სასახლის დირექტორის პოსტი თავისუფალი იყო. მქონდა ჯანსაღი ამბიცია, მემუშავა ამ დაწესებულებაში. მე არავის ადგილი არ დამიკავებია, მოვედი თავისუფალ ადგილზე. ია ვერულაშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ სასახლის სასარგებლოდ. ბევრი გეგმა მაქვს, მინდა რომ სასახლე კიდევ უფრო ფუნქციური გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ გაცნობის ეტაპზე ვარ. ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. ნაადრევად მიმაჩნია გეგმებზე საუბარი. არ მინდა რამე ისე არ გამოვიდეს, როგორადაც ვიტყვი, მირჩევნია გავაკეთოთ და მერე ვისაუბროთ. თუმცა რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ აუცილებლად გამოვეხმაურებით შოთა რუსთაველის წელს და მოვაწყობთ ვაჟა ფშაველას საიუბილო საღამოს“, – განაცხადა მარჯანიშვილმა.
მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც თამარ მეფის 14 ნომერში დროებით განთავსდა, წლებია, დაზიანებულ შენობაში ფუნქციონირებს. შენობა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კულტურული დაწესებულებისათვის შეუსაბამოა. ამავდროულად, დაზიანებული და არაჰიგიენური გარემო ბავშვებისთვის საზიანოა, რაზედაც ადრე საუბრობდნენ თანამშრომლები. მერიის ააიპის ინიციატივით, გასულ წელს სასახლეში სველი წერტილების კეთილმოწყობა მოხდა. შესაძლოა, სასახლემ ახალ შენობაში გადაინაცვლოს, ან შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. ეს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზეა დამოკიდებული, ამავდროულად პრობლემას წარმოადგენდა შენობის ადგილმდებარეობა, ცენტრიდან მოშორებულ შენობაში მისვლა ბავშვებს უჭირთ, თუმცა სასახლე ამ დრომდე 700–ზე მეტ ბავშვს ემსახურება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი