ბადრი ესებუა ქუთაისის საპატიმროშია გადმოყვანილი
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს. როგორც ცნობილია, ის სოფელ ჯიხაშკარში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა. ამ დროისთვის ის უკვე ქუთაისის საპატიმროშია გადმოყვანილი. ესებუა სამარტოო საკანში მოათავსეს.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.
დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ნიუპრესი