" ბავშვი ყოველთვის მსხვერპლია"
საქართველოში მრავლად არიან ქუჩაში მომუშავე ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ნებით, თუ უნებლიეთ ქუჩურ ცხოვრებას ეწევიან. „ნიუპრესი“ ცდილობს მათთან გასაუბრებას. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ქუჩაში მომუშავე გიორგის ცხოვრების შესახებ გიამბებთ, ახლა მისი დის, ანის ისტორიას მოგიყვებით.
ანი, გიორგის მსგავსად, სამი წლის ასაკიდან ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. ის ერთ მიტოვებულ სახლში დედასთან, მამასთან და ძმებთან ერთად ცხოვრობდა. ანი გიორგიზე უმცროსი და ანდრიაზე უფროსია. რაც გიორგი ბავშვთა სახლში საცხოვრებლად გადაიყვანეს, უმცროს ძმაზე მზრუნველობა ანის დაევალა. გოგონა ძალიან გვიან მიდიოდა სახლში, რომ ბავშვისათვის „პამპერსი“ და დედისთვის სიგარეტი მიეტანა. ანის ცხოველები ძალიან უყვარს და მის წილ ლუკმას მათ უნაწილებს. შეგროვებულ თანხას დედას აძლევს ხოლმე. ქუჩაში დედა ყოველთვის მოწესრიგებულად უშვებს, ლამაზად და სუფთად, რადგან ასე უფრო მეტ თანხას შოულობს.
ანის გიორგი ძალიან ენატრებოდა და მის სანახავად ბავშვთა სახლში მივიდა, თან მანათობელი კალმისტარები უყიდა, თუმცა ძმის სანახავად არ შეუშვეს და დაღონებული უკან გამობრუნდა.
როგორც გოგონა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ხალხი მის მიმართ კეთილგანწყობილია და დღის ბოლომდე კარგ თანხასაც აგროვებს, მაგრამ მას ეს სულაც არ მოსწონს.
"მეც მინდა რომ გიორგის მსგავსად ვისწავლო, არ მინდა ქუჩაში. აქ ბავშვები არ არიან და ვერ ვერთობი. მხოლოდ ჩემსავით მაწანწალა ძაღლებთან ვპოულობ საერთო ენას. მინდა ლამაზი თოჯინა მყავდეს, მაგრამ დედა არ მაყიდინებს. მეუბნება, ფულს ეგრე თუ დაფლანგავ, არასდროს არაფერი გექნებაო",- გვიყვება ანი.
ჩვენი რესპოდენტი რომელიც დღე და ღამე მუშაობს, ახლა 6 წლის არის.
"ნიუპრესი" გოგონას დედას გაესაუბრა და მისი შვილის სურვილების შესახებ უამბო. ქეთევანს ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა და ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა.
"ანი ბაღში დადის, ცოტა რომ მოიზრდება, ბავშვთა სახლში მივიყვან. იქ, სადაც გიორგია და სკოლაშიც შევა",- აღნიშნა ქეთევანმა.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოქმედებს პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ეგიდით. პროგრამა მოზარდების სოციალიზაციას ითვალისწინებს. ოთხ-ოთხი კაცისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ამ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვასა და საზოგადოებაში მათ ჩართვას ცდილობენ. ქუჩაში მომუშავე ბავშვებისთვის ასევე შექმნილია დღის ცენტრი, სადაც ბავშვებს უტარდებათ ფსიქოლოგიური და აღმზრდელობითი პროცედურები.
დღის ცენტრი გათვლილია 20-30 ბენეფიციალისათვის. ადგილზე მისულებს ცენტრში მხოლოდ 8 ბავშვი დაგვხვდა. ბავშვებს საშუალება ეძლევათ მივიდნენ და სამი თვის განმავლობაში ისარგებლონ დღის ცენტრის სერვისით. მიუხედავად ამისა, ბავშვები კვლავინდებულად ქუჩაში სხედან და ელოდებიან კეთილი ადამიანების მიერ გაღებულ მოწყალებას. საზოგადოების დამოკიდებულება და სწორი რჩევები ძალიან ბევრს ნიშნავს ანის მსგავსად ქუჩაში დარჩენილი ბავშვებისათვის.
„ქუჩაში ამ დრომდე რჩება 6 წლის ანი და მას ეზრდება პატარა ძმა, რომელიც იგივე ცხოვრებას გაივლის, როგორიც გაიარა გიორგიმ და ანიმ“, - გვეუბნება ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი, რომელსაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ ესაუბრა. „ასეთ, ქუჩაში გაზრდილ ბავშვებს მარტო შიმშილის და სიცივის პრობლემა არ აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია რა ფსიქოტიპებად ყალიბდებიან, როგორ ხდება მათი განვითარება, ეს ძალიან რთულია, ასეთი მდგომარეობაა. მშობელი დამნაშავეა 90 %-ით, მაგრამ 10% ის სოციალური გარემოა, რომელიც აიძულებს ბავშვებს ასეთი ცხოვრებით იცხოვრონ. კარგი ცხოვრების გამო ქუჩაში არავინ გადის, აქ ძალიან კომპლექსურია მშობლების განვითარების პრობლემა, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ის, რომ გაუაზრებლად აჩენენ შვილებს, შემდგომ ვეღარ ხვდებიან, როგორ არჩინონ და წამოზრდილი არ არის ჯერ ბავშვი, უკვე ფიქრობენ, რომ შემოსავლის წყარო უნდა იყოს. ანუ, ისევ მივდივართ ადამიანურ ყოფასთან და ადამიანურ პრობლემასთან. უბედურება ის არის, რომ ბავშვი ყოველთვის მსხვერპლია. გამოსავალს ვხედავ ერთადერთს, სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს. პირველ რიგში, უნდა შეიქმნას უფრო მეტი ბავშვთა სახლი. ერთი სახლი, სადაც 20 ბავშვს ძლივს უვლიან, არ არის საკმარისი, როდესაც ქუჩაში კიდევ 40 ბავშვი რჩება. პრობლემა არის ის, რომ ვცხოვრობთ გაუცნობიერებლად.
უდაოდ რთული და ძალიან განსხვავებული ჩვეულებრივი ბავშვებისგან, ურთულეს ფსიქოტიპებად ყალიბდებიან, რადგან მათ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, მათი ცხოვრება შეიძლება დაუკავშირდეს კრიმინალს და ვერც დაადანაშაულებ, რადგან მათთვის ერთადერთია - ბრძოლა გადარჩენისთვის.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი