"ყველაფერზე, მათ შორის გართობაზეც უარს ვამბობდი"-ბექა ლომთაძე
“რომ მცოდნოდა ჩემი ჩემპიონობა ასე გაეხარდებოდათ, აქამდე გავხდებოდი“- იუმორით ასე ეხმიანება ქუთაისელი ბექა ლომთაძე გულშემატკივრების ემოციებს. 27 წლის მოჭიდავემ ყაზახეთში გამართულ ჩემპიონატზე რუსი მეტოქე დაამარცხა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ბექა ლომთაძე 14 წელია, ვარჯიშობს. ჭიდაობაზე 13 წლის მივიდა და მას შემდეგ დაუღალავად შრომობს.
„ჭიდაობაში 13 წლის შევედი, მას შემდეგ ვვარჯიშობ და დავრჩი ამ საქმეში. ბევრს ვშრომობდი. ბავშვობიდან დღემდე სამი მწვრთნელი მყავდა, კობა ახვლედიანი, თემო მურღულია და რამაზ ჩაჩხიანი. ხშირად დღეში სამჯერ ვვარჯიშობ. დატვირთული გრაფიკი მაქვს“, -აცხადებს ბექა ლომთაძე.
მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ბექას პირველი გამოსვლა არ არის. მსოფლიო ჩემპიონობამდე ევროპის სამგზის პრიზიორი იყო, სამჯერვე ფინალში დამარცხდა, ასევე ფინალში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო ჩემპიონობა მის ოცნებად რჩებოდა. ამბობს, რომ ჩემპიონობამ მისი ცნობადობა გაზარდა და საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერა.
„მზადება დიდი ხნის წინ დავიწყე, ეს არაა ერთი და ორი წლის შედეგი, დიდი შრომაა. დაახლოებით ათი წელია, რაც ვწვალობ. მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო, მაგისთვის თავი მქონდა გადადებული, ყველაფერზე, მათ შორის გართობაზეც უარს ვამბობდი, მხოლოდ სპორტით ვიყავი დაკავებული, დატვირთული გრაფიკი მაქვს.
მსოფლიო ჩემპიონობამდე ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარ. ფინალები მქონდა წაგებული და მსოფლიოზეც ფინალი წავაგე. ფინალის ჭიდაობა მიჭირდა, ფსიქოლოგიური მომენტი იყო. მაგაზე ვიმუშავე მწვრთნელებთან ერთად და შედეგიც არის. მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი ოცნება იყო და ეს ოცნება ამიხდა“, - განაცხადა ბექა ლომთაძემ. მან ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა. ამბობს, რომ ჩემპიონატამდეც იყო მასთან შენახვედრი და გამარჯვება ძალიან გაუხარდა.
განსაკუთრებით ახლობლების და მეგობრების ემოციები ახარებს. ხუმრობს, რომ წარუმატებელი ფინალების გამო ახლობლებს ეცოდებოდათ.
„ოთხი ფინალი მქონდა წაგებული, განვიცდიდი, ოთხი შანსი მქონდა და ვერ გამოვიყენე. არაერთი წაგების გამო ახლობლებს ვეცოდებოდი, ახლა მეხუთე რომ გამოვიყენე, მიხარია. მიხარია, რომ ვიცი ჩემს უკან რამდენი გულშემატკივარია, ოჯახი, მწვრთნელები, მეგობრები და მთელი საქართველო. ვიცი, რომ ჩემი წარმატებით ყველა გავახარე. განსაკუთრებით მადლობა ჩემს ძმას ლაშა ლომთაძეს, რომელიც ასევე მოჭიდავეა. მისი დამსახურება დიდია ჩემს წარმატებაში, ჩვენ საქართველოს ფინალზე ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხან მე ვუთმობ და ხან ის. ემოციური დახვედრა მომიწყვეს. თითქმის მთელი ქუთაისი იყო აეროპორტში. ვხუმრობ, ეს რომ მცოდნოდა, აქამდე გავხდებოდი ჩემპიონიმეთქი“.
სამომავლო გეგმებიც ჭიდაობას უკავშირდება. მეორე ოცნება ოლიმპიური მედალია. სურს, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვოს და ჩემპიონობაც. აპირებს ქუთაისში დარჩეს და აქ გააგრძელოს კარიერა. წუხს, რომ დარბაზში, სადაც მუშაობენ, სათანადო პირობები არაა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ შესაბამისი უწყებები ამ მხრივაც იზრუნებენ, დარბაზს გააფართოებენ და წარმატებულ მოჭიდავეებს კარგ პირობებს შეუქმნიან“.
მსოფლიო ჩემპიონს კომპანია „არქი ჯგუფმა“ საჩუქრად თბილისში ბინა გადასცა. ბექა ლომთაძის თქმით, ეს კარგი სტიმულია არა მარტო მისთვის, არამედ მომავალი თაობისთვის.
„მადლობა არქი ჯგუფს, ეს დიდი მოტივაციაა, არა მარტო ჩემთვის, არამედ მომავალი თაობისთვის. მეტად მოინდომებენ და ივარჯიშებენ, რადგან იციან, რომ მათი შედეგი დაფასდება“.
მიუხედავად, თბილისში ბინის ფლობისა, როგორც ლომთაძე აცხადებს, ქუთაისის დატოვებას არ აპირებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი