|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ინვესტორებთან შემოვლითი გზებით არ ვკონტაქტობთ"-ეკონომიკის მინისტრი "ტორპედოს" პრობლემებზე

"მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო არ მონაწილეობს, არაფერ შუაშია და არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "ტორპედოზე" საუბრისას. მინისტრმა ფანკლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  სამინისტრო ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

"მოვისმინეთ, რომ არის პრობლემები. გავერკვიეთ, ვინ რა დაპირება გასცა კლუბზე. ერთად გავარკვიეთ ისიც, რომ აქ მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო არ მონაწილეობს, არაფერ შუაშია და არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული. იყო დავუშვათ კერძო პირისა და კერძო კომპანიის დაპირება, რაც კიდევ გასარკვევია. იმედი მაქვს, რომ ვინც კი ვინმეს რამეს ჰპირდება, პასუხისმგებლიანად მიუდგება და შეასრულებს. ჩვენ ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და პასუხისმგებლიანად ვუდგებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ამ პროცესში არ ვმონაწილეობდით. ზოგადად, სწორი გზაა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართონ. არასწორია გაჟღერებული ინფორმაცია, ჩვენ ინვესტორებთან შემოვლითი გზებით არ ვკონტაქტობთ. ჩინელ ინვესტორებს, ალბათ, „ჰუალინგზეა“ საუბარი, ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ აქვთ. ამ ნაწილში არ გვჭირდება სხვადასხვა პირის და მათ შორის საეჭვო პირების შუამავლობა“-განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრი ფანკლუბის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და საუბრის დეტალებიი მედიისთვის უცნობია. 

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" ინვესტორობას ჩინური კომპანია გეგმავს. "ტორპედოს" გულშემატკივრების თქმით, ჩინური კომპანია ინვესტიციის სანაცვლოდ ქუთაისში გარკვეულ ტერიტორიას ითხოვდა. გუნდის გადარჩენის მოთხოვნით ქალაქში არაერთი აქცია გაიმართა. 

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გუნდის პრეზიდენტს მერიისთვის შესყიდვის თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. მერის განცხადებით, თუ გუნდის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა თანხას რამდენიმე დღეში არ დაფარავს, ხელშეკრულება გაწყდება და მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბიუჯეტის წინაშე ზაალ ჩაჩავას დავალიანება დაახლოებით სამასი ათასი ლარია, აქედან ნაწილი ჯარიმაა. 

ავტორი: ნიუპრესი