ქუთაისში ტურისტულ სფეროში კადრების დეფიციტის უჩივიან
ტურიმზი ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ხერხეულად იქცა. ქუთაისში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამ კი განსაკუთრებული ბიძგი მისცა ტურისტულ ბიზნესს, რამაც გააჩინა შანსი ამ სფეროში ადამიანების დასაქმების პერსპეტქტივის, თუმცა აღმოჩნდა, რომ მზარდი მოთხოვნილების მიუხედავად, კომპანიები და კერძო ორგანიზაციები მათთვის საჭირო კადრებს ვერ პოულობენ.
"ჰოსტელები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები მუდმივად ეძებენ კადრებს. RICDOG დასაქმების ბაზაში ამ სფეროდან კვირაში 2-ჯერ ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია შემოდის"- აცხადებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი. კვლევაში, რომელიც “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” დაკვეთით მომზადდა, ამ მიმართულებით კადრების დეფიციტზე მიუთითებს.
როგორც კვლევის ავტორი ირაკლი თევზაძე აცხადებს, ტურიზმის სფეროში არსებული კომპანიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საჭირო ხდება ადამიანური რესურსი, თუმცა ხდება კადრების ხშირი ცვლა, რაც უარყოფითად აისახება კადრების კვალიფიციურობაზე.
როგორც კვლევაში მოყვანილი ინტერვიუებიდან ირკვევა, რეგიონში ტურიზმის სფეროში მომუშავე თითქმის ყველა კომპანია, სასტუმრო, ჰოსტელი თუ ტურისტული კომპანია კადრების როტაციის პრინციპით მუშაობს. კომპანიებს ახალი ვაკანსიები 3–5 თვეში ერთხელ აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროში კადრების ცვლა მაღალია.
კომპანიების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ვერ პოულობენ ისეთ კადრს, როგორზეც მოთხოვნა აქვთ.
კომპანიები საშუალოდ 1–2 თვის განმავლობაში არჩევენ კადრებს, ამ პერიოდის გავლის შემდეგაც კი ხშირია შემთხვევა, როდესაც ვერც ერთი კანდიდატი ვერ იკავებს პოზიციას, რადგან ისინი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, რომ „ვერასდროს ვნახეთ ქუთაისში კადრი, როგორიც ჩვენ გვინდოდა“. ქუთაისში 2 ჰოსტელის მფლობელი კი აღნიშნავს, რომ იმ მცირე არჩევანიდან, რომელიც თითოეული ვაკანსიის გამოცხადებისას არის, ვერასდროს არჩევს საუკეთესოს და 2 თვის განმავლობაშიც კი ჰქონია ვაკანტური პოზიცია.
რეგიონში ტურიზმის სფეროს კომპანიების (სასტუმროები, ჰოსტელები, საოჯახო სასტუმროები, ტურისტული კომპანიები) დასაქმების მსურველებისთვის მოთხოვნები ზოგადია: ენები, კომპიუტერი და სხვა. არც ერთი რესპონდენტი კომპანია ძირითად და აუცილებელ მოთხოვნად არ აყენებს ტურიზმის სფეროში პროფესიული, ან უმაღლესი განათლების ქონას. მიზეზად კი ის სახელდება, რომ მნიშვნელობა არ აქვს, აქვს თუ არა უმაღლესი, ან პროფესიული განათლება კადრს, რადგან ძირითადად მოთხოვნილ კომპეტენციებს სრულად ვერ აკმაყოფილებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კი დასაქმების მსურველები აცხადებენ, რომ ფორმალური განათლების მიღებისას არ ეძლევათ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც დამსაქმებელი ითხოვს. ისინი არაფორმალურ განათლების – ტრენინგებისა და სემინარების საჭიროებაზე საუბრობენ. რესპონდენტი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისის ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი) ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, იხსენებს, რომ უნივერსიტეტში მიღებული განათლება და ცოდნა არ არის საკმარისი ამ სფეროში სამუშაოდ, ამ მიმართულებით ტრენინგებისა და სემინარების რიცხვიც მცირეა და შესაბამისად, მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა შესაბამისი კვალიფიკაციის მიღწევა.
აღსანიშნავია, რომ ყველა რესპოდენტი უფრო მეტად პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობას განიცდის. ასევე ფაქტია, რომ, უნარ–ჩვევების განვითარების კუთხით, მათ არ იციან, სად და რა ფორმით შეიძლება იმუშაონ საკუთარ თავზე.
ნაკლებად ცნობილი აღმოჩნდა სტაჟირების პროგრამების და მოხალისედ მუშაობის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციაც.
ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართვა. მნიშვნელოვანია, რომ ფორმალური განათლების პროცესში დაინერგოს ამ მიმართულებით საჭირო უნარებისა და კვალიფიკაციის გამოსამუშავებელი სასწავლო პროგრამები, გაიმართოს ტრენინგები, სემინარები, ენის უფასო კურსები და ინფორმაცია მათ შესახებ გახდეს უფრო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა.
გარდა ამისა, ამ ინსტიტუტებმა თავიანთ სასწავლო პროგრამებში სტაჟირების პროგრამების კომპონენტის შეტანა უნდა დაიწყონ, რაშიც მათ ასევე დასჭირდებათ კერძო სექტორის მონაწილეობა და ჩართულობა. კვლევის ავტორი ასევე მნიშვლენოვნად მიიჩნევს კერძო სექტორის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ მცირეხნიან სტაჟირების პროგრამებს.
რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კვლევები მომზადდა ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.
ავტორი: ირინა მაკარიძე