ElleAnna - გამორჩეული და დახვეწილი ხელნაკეთი აქსესუარები ქართულ ბაზარზე
სამკაულების და ორიგინალური ნივთების შექმნა, უამრავი გოგონას ჰობია. თუმცა ბევრისთვის ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ძირითად საქმიანობად იქცევა. 27 წლის ახალგაზრდა დიზაინერი მარიამ ბასილაიაც ასეთი გოგონების რიგს მიეკუთვნება.
–როგორ გაჩნდა " ElleAnna" - ს შექმნის იდეა?
–პროფესიით პედაგოგი ვარ. დაოჯახების შემდეგ ოჯახის და შვილების გამო მცირე ხნით პაუზის გაკეთება მომიწია. მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, როდესაც სამოყვარულო დონეზე სამკაულების შექმნა დავიწყე. სერიოზულად არასდოს მიფიქრია ამ საქმიანობაზე, მაგრამ ინტერესის გამო სოციალურ ქსელში განვათავსე ჩემი ნამუშევრები, მაინტერესებდა რამდენად მოეწონებოდა მომხმარებელს. ჩემდა საბედნიეროდ მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს და უკვე სხვა თვალით შევხედე ამ საქმეს. რაც შეეხება სახელწოდებას, ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. არ მინდოდა უბრალო და ბანალური ყოფილიყო. ასევე მინდოდა სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო. ასეთ საქმეში სახელიც დიდ როლს ასრულებს. რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი შვილების სახელები, ანასტასია და ელენე გამეერთიანებინა. ასე გაჩნდა " ElleAnna". განსხვავებული ბრენდი, გემოვნებიანი და მრავალფეროვანი სამკაულებით. ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი " ElleAnna" 2 წელია რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს. ის თავისი მრავალფეროვანი სამკაულების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის ქალბატონებში. მომხმარებელი ძალიან ბევრია, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ინგლისში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა და ა.შ.შ - ში.
–რა მასალით მუშაობთ და როგორია სამკაულის შექმნის პროცესი?
–ამ ეტაპზე ძირითადად სუტაჟის თასმებით ვმუშაობ.დღესდღეობით საქართველოში ძალიან მოთხოვნადია სუტაჟის ტექნიკით შექმნილი სამკაული. თუმცა მათ შესაქმნელად ასევე ვიყენებ ბარხატის ბურთულებს, კრისტალებს, ნატურალურ ქვებს და ბევრ სხვას. რამდენიმე კვირაა რაც გაყიდვაში ჩავუშვი ყაისნაღით ნაქსოვი ჩანთები. რაც შეეხება აქსესუარის შექმნის პროცესს, ის ძალიან საინტერესო და აზარტულია. წინასწარ არასდროს ვგეგმავ და არც ვიცი რას გავაკეთებ. იდეა შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდეს. ყოველთვის ვცდილობ სამკაული არ გადავტვირთო. მუშაობის პროცესში ვიყენებ ნებისმიერ ფერს, მაგრამ მომხმარებლის ძირითადი აქცენტი მაინც შავზე, ვერცხლისფერსა და ოქროსფერზე კეთდება. ასევე ვიყენებ ყველა იმ დეტალს, რომელსაც ვთვლი, რომ ლამაზი და დახვეწილი იქნება. ძალიან ბევრ მასალას ვიწერ საზღვარგარეთიდან, ისეთს, რომელსაც საქართველოში ვერსად შეხვდებით. ეს კიდევ უფრო განსხვავებულს ხდის ჩემს სამკაულს.
–სად და რა ფასად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
–ამ ეტაპზე მაღაზია არ მაქვს. კონკრეტული ნივთის შეძენა Facebook გვერდის საშუალებით ხდება. მომხმარებელთან ყოველთვის აქტიური კონტაქტი მაქვს. ერთობლივად ვთანხმდებით ფერზე, ფორმაზე და ყველა წვრილმანზე. ძირითადად ჩემი ფანტაზიით ვქმნი მოდელებს, თუმცა ხშირად მომხმარებლის გემოვნებითაც ვამზადებ მათ. ფასებს რაც შეეხება, ის 15 -დან 70 ლარამდე მერყეობს.
–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
–ცოტახანში განსხვავებული ტექნიკით დამზადებულ სამკაულებს ჩავუშვებ გაყიდვაში, რომლის შესახებაც ჯერ არაფერს ვამბობ. სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება ჩემს მომხმარებელს. ასევე სამომავლოდ გეგმაში მაქვს საკუთარი მაღაზიის გახსნა. რაც ყველაზე მთავარია ყოველდღიურად იმატებს მოტივაცია ჩემი საქმის მიმართ, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის რომ ყველაზე ლამაზი სამკაული შევქმნა ჩემი საყვარელი მომხმარებლებისთვის.
ავტორი: ნიუპრესი