|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტი გოგონას საჯარო აღსარება უწმინდესს

მაზიარე, უნეტარესო, შევცოდე – შვიდგზის ...

პირველად მაშინ შევცოდე, როდესაც ნასვამ ქმარს, სრულიად გადარეულს და წყობიდან გამოსულს, სახლიდან რომ გვყრიდა ქუჩაში მე და ჩვენს ჩვილს –„ტირის და თავ–პირი გადამჭამაო!“ – კარებში ხელი დავუხვედრე – დასისხლიანებული და ტყავზე დაკიდებული სამი თითის დამსხვრეული ფალანგების დანახვამ, ჩემს ყვირილთან ერთად გამოაფხიზლა და უკან დაგვაბრუნა, ჩემმა მეუფემ, მაგრამ ჯვარდაწერილისადმი წინააღმდეგობის გაწევაც ხომ ცოდვაა – ამიტომ შემინდე...

მეორედ მაშინ შევცოდე, როცა ხელი ჩამკიდა და სადღაც წამიყვანა, რომელიღაც შავ–ბნელ უბანში – „მოხმარება მჭირდება შენი, რაღაცა მაქვს ასაღებიო“ – მართალი იყო, არ მოუტყუებია, ჩემს სიცოცხლეს – წამალი ჰქონდა ასაღები, მაგრამ ჩემით/გადასახდელი და როცა წავიდა, დილამდე „ვეხმარებოდი“ სამს თუ ოთხს, საკუთარ გაუპატიურებაში, ნახევრად ხოხვით შინ დაბრუნებულმა კი ბავშვი დალურჯებულ სახეზე მივიკარი, ავიტატე და სირბილით წამოვედი, სხვაგან სად? – ჩემებთან... – თუმც, მიტოვებაც ხომ ცოდვაა – ამიტომ, შემინდე...

მესამედ მაშინ შევცოდე, როცა მამიკო/მამა ახალგარდაცვლილმა, ბავშვი ნახევრად ინვალიდ დედას დავუტოვე და უცხო ქვეყანაში წამოვედი სამუშაოდ – მართალია, საჭმელი აღარაფერი გვქონდა და ჩასაცმელი – უფრო ნაკლები, მაგრამ სამშობლო, დედა და შვილი არ უნდა დამეტოვებინა – ღალატიც ხომ ცოდვაა – ამიტომ, შემინდე...

მეოთხედ მაშინ შევცოდე, როდესაც რუმინელის სამსახურის–საშოვნელ გრაფიოში ტყუილი მითხრეს და ისეთ სამსახურში გამიშვეს, რომელსაც არ ვითხოვდი – მძიმეში ძალიან, როცა უკან დავბრუნდი და ჩემი ფული, სამსახურში გადახდილი უკან მოვითხოვე, გრაფიოს გამგემ კარები გადაკეტა და მუშტით ცემა დამიპირა – კასტეტი მედო უკანა ჯიბეში, ჩუმად გავიკეთე ზურგს უკან, ისე რომ ვერ დაინახა და ფანჯრისაკენ უკან დახეულმა, ყელში ჩავარტყი – და როცა ახრიალებული ჩაიკეცა, უჯრიდან ნაჩქარევად ჩემი ფული ამოვიღე, კარი გავაღე და კიბეებზე დავეშვი სირბილით – მაგრამ, ხელის შებრუნებაც ხომ ცოდვაა და ამიტომ, შემინდე...

მეხუთედ მაშინ შევცოდე, როდესაც ბებიასთან, სადაც ვმუშაობდი, მის შვილიშვილს, ჩემხელა ბერძენ ბიჭს შევუყვარდი და ბევრი ქათინაურების და ფლირტის შემდეგ მეც მომაწონა თავი – მაღალი იყო და სიმპათიური, ვუხდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი და მეც მინდოდა ჩემი წილი ბედნიერება, ვერ გადავდგი ის ბოლო ნაბიჯი და წამოვედი იქიდან – ბავშვის სახელს ვერ ვუღალატე, თუმც ხელგაუწერელმა რომ სხვაზე ვინატრე – ესეც ხომ ცოდვაა და ამიტომ, შემინდე...

მეექვსედ მაშინ შევცოდე, როდესაც დედის დასაფლავებაზე ვერ წავედი – საბუთები არ მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე მეტად ჩემი დედიკოს დატირება არავის უნდოდა მთელს დედამიწაზე, გასვენების ხარჯების გადახდის შემდეგ ვეღარ შევძელი წასასვლელ/ჩამოსაბრუნებელი თანხის მოგროვება, მაგრამ, გარდაცვლილ დედებს შვილებმა უნდა დააყარონ გულზე მიწა – აქაც შევცოდე და ამიტომ, შემინდე...

მეშვიდედ მაშინ შევცოდე, როცა ჩემი პატარა კუდრაჭას ჩამოყვანა მოვახერხე ჩემთან, ელადაში – ათასი ეშმაკობებით, მოწვევ–მიწვევებით და საელჩოებით – ჩავიხუტე და გავთბი მის სურნელით – მაგრამ, კიდევ ერთი ქართველი გამოვაცალე სამშობლოს – ისევ შევცოდე და ამიტომ, შემინდე...

(მამიკო/მამას უყვარდა, მუხლებზე როცა შემოვასკუპდებოდი ხოლმე, ჩემი ხელი თავის დიდ და დაღარულ თათებში მოექცია, თითი ხელისგულზე გაესვა და „ბოლია–ბოლიაო“ – ეთქვა, მე კი მიხაროდა უზომოდ და ვკისკისებდი, თავი რაღაც განსაკუთრებულად მეგონა, ამქვეყნიურ პრინცესად, ფერიების დედოფლად...

ტყუილად, სულ – მანკიერად გავჩენილვარ, თურმე...)

უფალო, შეგვიწყალენ !

ავტორი: