"ენგურს მიღმა ჩვენი სამშობლოა, ჩვენი აფხაზეთი"
რა გზის გავლა უხდებათ ადამიანებს, რომ საკუთარ სახლში მივიდნენ, რომელიც საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა დარჩენილი? მე გავესაუბრე ადამიანს, რომელიც უკვე წლებია წვალობს და დადის, ასე ვთქვათ, ,,შავი გზებით" აფხაზეთში, თავის მშობლებთან. 22 წლის ბაია იზორია სოფელ ოტობაიადანაა. ის გვიამბობს, თუ რისი გადალახვა უხდება, რომ ჩავიდეს თავის სოფელში და მოინახულოს მონატრებული მშობლები, ბებია და ბაბუა.
,,მინდა ვისაუბრო ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისაც საერთო ტკივილი - აფხაზეთი გვაერთიანებს. უნდა ვთქვა ის დარდი, რასაც დღეს იქ არსებული მდგომარეობა იწვევს. მე წავსულვარ აფხაზეთში, ჩემს მიწა-წყალზე, მაგრამ კი არ წავსულვარ, გადავპარულვარ, ასე უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა. გადაპარვა კი რის ფასად მიჯდება, ამაზე ფიქრიც და გახსენებაც მზარავს. იპარები შენს სახლში, სადაც გელოდება ოჯახის წევრები, ბებია და ბაბუა. მე არ მაქვს უფლება, საკუთარ სახლში აკრძალვების გარეშე მივიდე. პატარაობისას უფრო ვახერხებდი ხოლმე იქ ჩასვლას. ასაკიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა დიდი რისკის წინაშე ვიდექი. ჩავიდოდი აფხაზეთში, შევაღებდი კარებს და თვალებს ვაცეცებდი, როდის დავინახავდი ბებია - ბაბუას, რომ ჩავხუტებოდი. ერთ დღესაც, როდესაც სიხარულით უნდა გამეღო ჭიშკარი, სახლი გადამწვარი დამხვდა. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა ჩვენს თავს, არ ვიცოდი, ვისზე გავბრაზებულიყავი, ვისთვის დამებრალებინა ჩვენი სახლ-კარის განადგურება. ბოლოს, მახსოვს, ჩემებს ჩავეხუტე, მივხვდი, რომ უძლური ვიყავი... გავიზარდე, თუმცა არაფერი შეცვლილა, ყოველი ჩემი იქ ჩასვლა რისკთან, ტკივილთან და შიშთანაა დაკავშირებული.
ადამიანს გაჭირვება ძალას ჰმატებს. ვინ მოთვლის, რა ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად უჯდება იქ მცხოვრებთ იქაურ პირობებთან შეგუება.
არ შემიძლია, არ გავიხსენო ერთი ამბავი, რომელიც მდინარე ენგურზე მოხდა. ზაფხულის ერთი დღე იყო, მორიგი სახიფათო დღე ჩემს ცხოვრებაში, უნდა ჩავსულიყავი სოფელში. რადგან ზაფხული იყო, გადავწყვიტე გავპარულიყავი წყლით და მალულად გადავსულიყავი ფონით. სანამ წყალში შევალ, ათასი ზარია ჩემს ტელეფონზე, ნათესავები მარიგებენ, მირჩევენ სიფრთხილეს და მეხმარებიან, რითაც შეუძლიათ. ისინი ამ დროს ენგურს მიღმა არიან და მელოდებიან. ძალას მმატებდა ჩემი ძმა, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა: ”ნუ გეშინია, ამ ერთსაც გავუძლებთ ერთად და სულ მალე ისევ შევძლებთ ჩვენს მიწა-წყალზე თვისუფლად სიარულს. შევდივართ წყალში და ათასი აზრი მიტრიალებს თავში. მინდა, უცებ გადავლახო ზღვარი, მაგრამ შიში მერევა… ღვთის წყალობით, ამ ერთხელაც დავაღწიეთ თავი და შევძელით ჩასვლა. იქაური ჰაერის სუნმაც კი ყველაფერი დამავიწყა, გულში სითბო ჩამეღვარა...
დაგვხვდნენ მამიდა და ბიძა, რომლებიც, ბუნებრივია, დაძაბულები იყვნენ და ჩვენს დანახვაზე ამოისუნთქეს. ჩვეულებრივ, ყოველ ჩვენს მისვლაზე ასე ხდება, თუმცა, შევნიშნე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… და აი, თურმე რა: მამიდაჩემი ტერიტორიის შესამოწმებლად იყო გამოსული, რომ დარწმუნებულიყო, რუსი არსად იყო და რას ხედავს? - წყალში რაღაც ტივტივებს. ნელნელა მიუახლოვდა და დარწმუნდა, რომ ადამიანის გვამი იყო. გაირკვა, რომ დევნილი მამაკაცი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას და უცებ ძაღლების ხმა შემოესმა, ეგონა, რომ რუსებმა დაიჭირეს ფაქტზე, ნერვიულობას და შიშს გულმა ვეღარ გაუძლო და დაიღუპა. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, რომელიც დაფიქსირდა“,-გვიყვება ბაია.
"ასე უწევს ცხოვრება ჩვენს ხალხს - ზამთარში გაყინულ ენგურზე გასასვლელი ფონის ძიება. ძნელია იმის შეგუება, რომ აღარ გაქვს საკუთარ სახლში მისვლის უფლება, რომ ის დღეს სხვას ეკუთვნის. ძნელია, დაივიწყო შენი ეზო და კარი, რომელსაც ჟანგი მოჰკიდებია და რომლის ჭრიალსაც ხარ მონატრებული. ძნელია, დაივიწყო იქ განვლილი ბავშვობა და უარი თქვა ყველაფერზე. ალბათ, ამ გულის ტკივილს ის უფრო გაიგებს, ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია აფხაზეთში. წლები გადის, მაგრამ ხალხი ვერ ამბობს უარს საკუთარ მიწა-წყალზე, სახლ-კარზე და დადის ტყე-ტყე, გადაპარვით. მიცვალებულებიც კი მალულად გადაჰყავთ, რადგან რუსი სამხედროები აფხაზეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილების გადასვენებას ქართველებს უკრძალავენ, მოტივით -აქ სასაფლაო არ არისო. ენგურის მეორე მხარეს სასაფლაო მართლაც არ არის. იქ ჩვენი კუთხეა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი აფხაზეთი".
ავტორი: ელიტა ჯინჯოლია