ერთი დღე ავღანეთში
...მორიგი „ნაცრისფერი“ დღე. ისევ დილით ადგომა, მომზადება, განაწესი. ისევ ფიქრები ცვლიან ერთმანეთს, _ ოჯახზე, „აქაურობაზე, სამშობლოზე, პოლიტიკაზე, ამ „უცნაურ“ ხალხზე ერთმანეთსაც რომ არ ინდობენ... საფიქრალს რა გამოლევს... ათასი აზრი გიტრიალებს თავში. გვწამს, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები ვართ.
ჩვენი აქ ყოფნით, ვარწმუნებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ, მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, რომლის დიდი მონსტრისგან დაცვა აუცილებელია... აქ ყველაფერს მძაფრად აღვიქვამთ, შობას ველოდებით როგორც სასწაულს. ვფიქრობთ, ამ დღეს განსაკუთრებულად შევხვდეთ. ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ჯარისკაცი რისი ჯარისკაცია თუ ყველა სიტუაციაში არ ნახა გამოსავალი...
ჩვენ დღე და ღამე არ გვაქვს, სულ ერთი დროა. როგორც აქ ხუმრობენ, – ყველა დღე ორშაბათია. ეს დღეც ასე დაიწყო.
თენდება. უჩუმრად ვიღებ ჩემს ნივთებს, ვცდილობ არ ვიხმაურო. გოგოებიც ხომ მალე უნდა ადგნენ. ერთმანეთს ვუფრთხილდებით. გამოვდივარ, ერთ-ერთი დერეფანში მხვდება, _ „რამე ხომ არ გჭირდება, _ მეკითხება. გაოცებული ვუყურებ, რატომ არ გძინავს, ცოდო ხარ-თქო. ხელს იქნევს _ ერთი საათი წავუძინებ და მეყოფაო. არავინ ფიქრობს საკუთარ დროზე, ჯარისკაცი მუდამ მზად არის და სულ დასვენებულია.
დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. იმედი გვაქვს, შობას „ალილოთი“ და სარკმელთან დანთებული სანთლებით შევხვდებით. ჩვენ ხომ წინასწარ მოვემზადეთ: ნაჩუქარი მისალოცი ბარათებიდან ამოვჭერით საშობაო ნახატები და ქაღალდის ჭიქებზე მივაკარით; ნაჩუქარი ნაძვის ხეებით და გირლანდებით მოვრთეთ ოთახები; ერთი განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა, ჰოდა, სწორედ, აქ გადავწყვიტეთ შობას შევხვდეთ...სუფრისთვის კერძებიც გვაქვს, ზოგი გამოგზავნილი, ზოგიც _ ნაჩუქარი...
მოსაღამოვდა. ცვლა დაბრუნდა. ერთად ვგროვდებით. „ოჯახის დიასახლისი“ ხელგაშლილი გველოდება. „სუფრას“ ვშლით. იმ იმედით, რომ ცუდი არაფერი მოხდება; მაგრამ...
ყველა საკუთარ ოთახშია და ლამაზდება, აქ ეს სიტყვა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვიხარია.... გეგმებს ვაწყობთ, ვიღაცა იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლით მორბის, ვიღაცა – ფოტოაპარატით (თუ გადავრჩით ხომ მოსაგონრად გვექნებაო), ვიღაცა ვიღაცას ტანსაცმელს ურჩევს, ვიღაცა რეჟისორობას ცდილობს, ვიღაცა ვიღაცას ზურგს უმაგრებს...
12 საათს ველოდებით. შობას ხომ ზუსტად 12-ზე უნდა შევხვდეთ?! სამზადისი როგორც იქნა დასრულდა. „აშკარად სროლის ხმაა... არავის არაფერი ახსოვს. ერთ წამში რეალობას ვუბრუნდებით. კოსმოსური სისწრაფით ვიცვლით და სრული ეკიპირებით, ჯავშანასხმულები გავრბივართ ჩვენი პოზიციებისკენ. 2 წუთში ბაზა გამაგრებულია. სროლის ხმა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ისმის. ყველა ადგილზეა, თითქოს არავინ ნერვიულობს, ყველა ცივი გონებით მოქმედებს. სროლის ბრძანება ჯერ არ არის. ველოდებით...
მოწინააღმდეგის კიდევ ერთი შეტევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა... „გიგანტურმა ხმამ“ განგაშის დასრულება გვამცნო. უდანაკარგოდ...
ისევ შობაა ჩვენთვის. ისევ „მასპინძელი, ისევ გაშლილი სუფრა, სანთლები სარკმელში და ქართული „ალილო.
შობა თენდება... განსაკუთრებული შობა...
ავტორები: ეკატერინე გუჯაბიძე; ხატია დადიანი; რუსკა ივანეიშვილი; ლელა მაჭუტაძე; ნინო მწითური; ნათია ჩხარტიშვილი; ნინო ჯავახიძე.
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი: mod.gov.ge
ავტორი: