"ეს არის მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისათვის"- გიგა შუშანია
ეს არის მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისათვის - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მან დღეს ქუთაისის თვითმმართველობის შენობის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მერს დეპუტატებს და საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის ხელისუფლების მიერ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ გამოცხადებული გადაწყვეტილების მიმართ პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.
"ეს არის მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისათვის, ეს გადაწყვეტილება დაასამარებს ქუთაისის მომავალს, ნაცვლად პოლიტიკური ცენტრისა, საპარლამენტო, თუ საგანმანათლებლო, კულტურული ცენტრისა, დღეს მივიღეთ ორმოების ქალაქი და გვპირდებიან, რომ ხვალ ეს იქნება პოლიციელების სავარჯიშო პოლიგონი.
მე მოვუწოდებ ქალაქ ქუთაისის მერს, საკრებულოს წევრებს, მაჟორიტარ დეპუტატებს, ნაცვლად კრიმინალური გარჩევებისა და ოპონენტების პოლიტიკური ანგარიშსწორებიოსა და ნაცვლად იმისა, ბიუჯეტის ხარჯზე გაშლილ სუფრაზე ამ ქალაქის სადღეგრძელოებს ხმამაღლა საუბრობენ და ერთმანეთს უმტკიცებენ, როგორ უყვართ ეს ქალაქი, ჯობია, ეყოთ გამბედაობა და გააკეთონ განცხადებები, დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.
მოვუწოდებ ქუთაისელებს, გამოვიდნენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ამაზე ხმა, ჩვენ ერთხელ ვნახეთ ერის და ბერის ერტთობლივმა პროტესტმა როგორ დაახევინა "ქართულ ოცნებას" უკან და დროებით შეაჩერებინა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი"- განაცხადა გიგა შუშანიამ.
შუშანიას თქმით, პოლიციელების საწინააღტმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ ეს შენობა აშენებულია პარლამენტისთვის და ქუთაისმა უნდა შეინარჩუნოს საპარლამენტო ფუნქცია, ისევ უნდა განვითარდეს და არა უკან უკან მიდიოდეს.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მისი თქმით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა, ქუთაისის შენობა კი შსს-ს გადაეცემა.
ავტორი: ირინა მაკარიძე