|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირის დაფინანსებულმა პროექტებმა ქართულ მედიას საკუთარი მიღწევები გაუზიარეს

2019 წლის 27 მარტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა პროექტებმა მოაწყვეს არაოფიციალური შეხვედრა წამყვან მედია-საშუალებებთან საქართველოში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ რეალური  შედეგების და შესაძლებლობების განხილვა, რომლითაც ევროკავშირი რეგიონული პროგრამების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველჰყოფს, ასევე ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება. ღონისძიება მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ სახის მედია-ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამამ ქუთაისში ახლად დანერგილი ნარჩენების მართვის ნოვატორული პრაქტიკა წარმოადგინა. ეს გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს, მოლდოვის და სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევით, მიზნად ისახავს მდინარეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. ქართველი კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელიც ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებულ საპოპულარიზაციო ვიდეორგოლში იყო გადაღებული, ღონისძიებაზე ინიციატივის მხარდასაჭერად მოვიდა:

„სიხარულით დავთანხმდი ამ ვიდეოში გადაღებას, რადგან ვფიქრობ, რომ პროექტი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს - ახორციელებს პლასტმასის ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას. პლასტმასი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, ის ტოქსიკურია ნიადაგისა და წყლისთვის. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ყურადღების მიმართვა ამ პრობლემისკენ, ყველასთვის ჩვენება, რომ მდინარეში ან წყალში გადაგდებული პლასტმასის ბოთლი ან პოლიეთილენის პარკი აზიანებს გარემოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, აღნიშნა ანატოლი ბოისამ მიმართვაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამამ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე: „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების სწავლების გზით“, „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ და „გაიცანი მეზობელი“. ეს პროექტები ხელს უწყობს კულტურულ გაცვლებს ახალგაზრდებს შორის ღონისძიებების, ტრენინგების, სასკოლო საქმიანობის, ვიდეო-ისტორიების და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების საშუალებით. ერთ-ერთი პროექტის ბენეფიციარმა, ლუკა დოლიძემ, ჟურნალისტებს საკუთარი ისტორია გაუზიარა:

„მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიუხედავად ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ბიზნეს-ტრენინგებში მივიღე მონაწილეობა. 3–თვიანი ტრენინგების და პრაქტიკული ტურების შემდეგ გავხდი ექსტრემალური და ეკოტურიზმის გიდი. ტრენინგის პერიოდში ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობით პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე. ვცხოვრობ მანგლისში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურისტული მარშრუტებიდან/ღონისძიებებიდან. ჩემი ინიციატივით, ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთე. ახლა შემიძლია ტურისტებს ვუმასპინძლო და გავუწიო მათ გიდობა ჩემი ქვეყნის გასაოცარ ადგილებში. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ნუ შეუშინდებიან ახალ ინიციატივებს და ნუ გაუშვებენ ხელიდან სწავლის შესაძლებლობას“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ინიციატივამ მერები ეკონომიკური ზრდისთვის წარმოადგინა საქართველოს გორის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ევროკავშირის დაფინანსება აგრობიზნესის და ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონებში.

ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამამ ჰორიზონტი 2020 წარმოადგინა საკუთარი საქმიანობა საქართველოში და მისი გრანტის მიმღები - პროექტი CURE („ეუბიოზის აღდგენის თერაპიის“ შექმნა ასთმისთვის), რომლის მიზანია ასთმით დაავადებული ადამიანების მკურნალობის კვლევა. სიახლე ამ მკურნალობის ამ სტრატეგიაში ემყარება რესპირატორული მიკრობიომის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების შეყვანით - ეს კომპონენტი ასთმით დაავადებულ პაციენტებს არა აქვთ. აღნიშნულ პროექტში სულ ჩართულია 10 სამეცნიერო ჯგუფი შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ბრიტანეთი, შვეიცარია, ბელგია, პოლონეთი და საქართველო.  საქართველოს მხრიდან კვლევას ახორციელებს გიორგი ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.

Erasmus+“ პროგრამები ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს; აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარებმა მობილობის პროგრამებიდან მიღებული გამოცდილების  შესახებ ისაუბრეს.

„ჩემს ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ და გადამწყვეტ ცვლილებებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საზღვარგარეთ სწავლას შევძლებდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტში, ფინეთში“, თქვა მარიამ ბიწაძემ, პროგრამის „Erasmus +“ სტუდენტმა თბილისიდან.

„ჩემი აზრით, ამ ვიზიტის დროს მოხდა ნამდვილი კულტურული გაცვლა, რომელიც ჩემთვის, უსინათლო ადამიანისთვის, უმნიშვნელოვანესია. „Erasmus+“ პროგრამის ორივე სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა გამეუმჯობესებინა ჩემს თანატოლებთან გუნდური მუშაობის უნარები. „Erasmus+“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ასევე მომცა იშვიათი შესაძლებლობა დამოუკიდებლად, მარტო მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში, ჩემი საკუთარი ან მასპინძელი ოჯახის  გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული უნარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. როგორც რუმინეთში, ისე გერმანიაში შესაბამისი დახმარებით ვიყავი უზრუნველყოფილი“… თქვა ესმა გუმბერიძემ, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა „Erasmus+“ მოკლევადიანი მობილობის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.  

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაზღვრულია მასშტაბური ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით.

ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იღებს რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელების ვალდებულებას შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული მმართველობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ღია და კარგი მმართველობა და ეკონომიკური განვითარება. აღნიშნულის შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის რეალურ და თვალნათლივ გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, რის შედეგად საქართველოს 300,000-მდე მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით უზრუნველჰყოფს ქართველ ფერმერებს. ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 1600-ზე მეტი ფერმერული კოოპერატივი. შედეგები უჩვენებს შემოსავლების 20%-ზე მეტით ზრდას და დასაქმების მაჩვენებლების გაორმაგებას.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომლის წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 25%-ს აღემატება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა