FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა[R]
22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით.
"“Fitch“-ის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიზგის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები. საკუთარ დასკვნაში “Fitch“-ი ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში რკინიგზას გაუჩნდება თავისუფალი სახსრების კომფორტული ლიმიტი" - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯორბენაძე.
“Fitch”-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, “საქართველოს რკინიგზა” სახელმწიფოს ირიბ საკუთრებაში არსებული მონოპოლიური, ინტეგრირებული სარკინიგზო კომპანიაა, რომლის აქტივებსაც განკარგავს „საპარტნიორო ფონდი“ (რეიტინგი: BB-/პოზიტივი). რელიზის შესაბამისად, “Fitch”-ი საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ელოდება კომპანიის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას. ამავე დროს, რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი აქვს ვალდებულება სარკინიგზო კომპანიის სტრუქტურის რეორგანიზაციის შესახებ 2022 წლიდან. ევროკავშირის სტანდარტებით რეორგანიზაცია გულისმობს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერის გამიჯვნას სარკინიგზო ოპერატორებისგან ერთიანი ჰოლდინგური სტრუქტურის ფარგლებში.
“Fitch”-ის რელიზში ასევე აქცენტირებულია „საქართველოს რკინიგზის“ მნიშვნელობა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით. აღნიშნულია, რომ „საქართველოს რკინიგზა“, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს.
Fitch - ის რელიზის შესაბამისად, საქართველოს რკინიგზაზე შესაძლებელია ტვირთბრუნვის ზრდა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების გამო მეზობელი სახელმწიფოების გააქტიურებამ უნდა უზრუნველყოს.
https://www.fitchratings.com/site/pr/10052646
ავტორი: ნიუპრესი