ფონდ "ქუთაისს" მერიის სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებიდან თანხები უკვე დაერიცხა
საქველმოქმედო ფონდმა "ქუთაისი", რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, უკვე მიიღო მერიის ააიპებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ერთი პროცენტი.
როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის ააიპების რამდენიმე თანამშრომელმა განუცხადა, საქველმოქმედო ფონდისათვის ხელფასის ერთი პროცენტის ჩარიცხვას ხელშეკრულებას ხელი თითქმის ყველამ მოაწერა, შესაბამისად ამ დღეებში როდესაც ხელფასი დაერიცხათ, მათ უკვე დაექვითათ ფონდისათვის თანხა.
საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი, რომლის რეგისტაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში ქუთაისის მერიის ააიპი "მადლიერების სახლის" დირექტორმა და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა ბაკურაძემ შეიტანა. ფონდის დამფუძნებლები არიან ინგა აბრამიძე, სალომე ხარაბაძე და ვახტანგ თევდორაძე. ფონდის მიზანი საქველმოქმედო საქმიანობაა. წესდების მიხედვით, ფონდი, შესაძლოა ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას.
"ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ მეშველიანის გაანგარიშებით, მერიასა და მის ორგანიზაციებში დასაქმებულების ხელფასების ერთი პროცენტი დაახლოებით 20 ათას ლარს აღწევს.
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების სახელფასო თანხა 18 224 961 ლარს შეადგენს. მერიის და საკრებულოს სახელფასო მომსახურებისათვის 5 290 500 ლარია განსაზღვრული. ჯამში, მერიის, საკრებულოს და ააიპების ხელფასები წელიწადში 23 515 561 (23 მილიონ 515 ათას 561) ლარის შეადგენს.
ერთ თვეში კი ხელფასებისათვის 1 959 630 ლარი იხარჯება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მონაცემებში ყველა დასაქმებულზე ინფორმაცია ვერ მოხვდა, უნდა ვივარაუდოდ, რომ ამ ხელფასებიდან ერთი პროცენტის სახით ფონდი ქუთაისი თვეში დაახლოებით 20 ათას ლარს მიიღებს.
"მიგვაჩნია, რომ კეთილ მიზნებისათვის შექმნილი ფონდები შექმნა ძალიან საჭირო საქმეა, მაგრამ როდესაც ამ ფონდს ქმნიან პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, ფონდის ერთ ერთი დამფუძნებელი თამთა ბაკურაძე შპს "მადლიერების სახლის" დირექტორია, ამავდროულად ის არის პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეს ყველაფერი კი პოლიტიკურ ელფერს უფრო აძლევს აღნიშნული ფონდის შექმნას, თუ ამას ემატება ისიც, რომ ხდება თანამშრომლების "იძულებით" ჩართვა, ეს საკითხი კი უკვე უფრო ბევრ შეკითხვებს იწვევს", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით
ქუთაისის მერიის ააიპებში დასაქმებულებს გაურკვეველ ფონდში ხელფასის 1 პროცენტის გადარიცხვას სთავაზობენ
ავტორი: ირინა მაკარიძე