გაბერილი შტატები ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში
ქუთაისის მერიის 15 ააიპსა და შპს-ში 3649 ადამიანია დასაქმებული, ამათგან შტატით 3469 ადამიანია, შტატგარეშე 180 თანამშრომელია, მათი ხელფასებისათვის წელიწადში 18 101 817 ლარი გაიცემა -კვლევა ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ ჩაატარა.
ქუთაისის საკრებულოს წევრებმა "ევროპული საქართველოდან" დავით გოგისვანიძემ და მერაბ მეშველიანმა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის კვლევის პრეზენტაცია გამართეს.
მერაბ მეშველიანის განცხადებით, დიდია შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც ხშირ შემთხვევაში შტატიან თანამშრომლებზე გაცილებით მაღალი ხელფასი აქვთ. ასევე განსხვავებაა აიპების ხელმძღვანელთა ხელფასებს შორის, რაც მათთან მერიის მაღალჩინოსნების პირადი დამოკიდებულებით არის განპირობებული, ასევე არის შტატების გაორება. მეშველიანის განცხადებით, მერიის ააიპებსა და შპს-ებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში "ქართული ოცნების" პარტიული აქტივია, რომელთა ხელფასები განსხვავდება დანარჩენი თანამშრომლებისაგან.
"შტატები შექმნილია იმის გამო, რომ ვიღაცას ვიღაცა დაუსაქმეს, ვიღაც პარტიული ტიპი დაასაქმეს და ეს გახდა ჩვეულებრივი რესურსი საარჩევნო პერიოდისათვის", -განაცხადა მეშველიანმა.
"ევროპული საქართველოს" წევრები მიიჩნევენ, რომ ხარჯი ააიპებისა და შპს-ებში გაბერილია და მერიას მიმართავენ, რომ ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პროექტებზე მიმართონ.
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ “ევროპული საქართველოს“ კვლევას ეხმაურება. ქუთაისის ვიცე მერის გიორგი იობაშვილის თქმით, ყოფილი "ნაციონალის" განცხადება გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე მისი მხრიდან ძალიან უხერხულია.
„ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატის განცხადება გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული, რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და 30 - შტატგარეშედ. ახლა ეს რიცხვი 298 -მდეა შემცირებული. ელემენტარული მათემატიკაა საჭირო, მივხვდეთ, რომ ახლა ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია. ოპოზიციის განცხადება აქტივის დასაქმებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან უხერხულია, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასაქმებული ათასობით აქტივისტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხმების მოსაზიდად. ჩვენი მმართველობის პირობებში ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება და სახელფასო თანხების დაზოგვა მოგვეხდინა. ამიტომ გაუქმდა ერთი სამსახური და მოხდა თანხების გადანაწილება“, - განაცხადა გიორგი იობაშვილმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე