ისტორიული მემკვიდრეობა გამგეობის კედლებზე
სხვადასხვა სიმბოლიკითა და ისტორიული ესკიზებით მოხატული ფილები, რომელიც სავარაუდოდ, გეგუთის ციხე-სიმაგრეს ეკუთვნის, დღესდღეობით, გეგუთის გამგეობის შენობაზეა განთავსებული. როგორც გეგუთში მცხოვრები მოსახლეობიდან ირკკვევა, ფილებზე გამოსახულმა ისტორიამ, გამგეობის შენობის კედლებზე დაახლოებით, 50 წლის წინ გადაინაცვლა. თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ და რა მიზნით განახორციელა ისტორიული მემკვიდრეობის საკუთარი ნება-სურვილით განკარგვა არავინ ფლობს. ,,გადმოცემით ვიცით, რომ ეს ესკიზებიანი ქვები, გამგეობის შენობას დაარსების დღიდანვე აკრავს. გამგეობის შენობა კომუნისტების პერიოდშია აშენებული. შესაბამისად, ეს ფილები გეგუთის ციხესიმაგრიდან, სწორედ კომუნისტებმა გადმოიტანეს. თუმცა ამ ქვების ისტორიით, რაც თავი მახსოვს, ჯერ არავინ დაინტერესებულა“,– ამბობს გეგუთის გამგეობის ერთ–ერთი სპეციალისტი ავთანდილ გაბუნია. ,,ესკიზებიანი ქვები, ნამდვილად გეგუთიდან აქვთ წაღებული კომუნისტებს. ეს ციხე–სიმაგრე, თავის დროზე სამონადირეო სახლის დანიშნულებით ააგეს. ფილებზეც სწორედ ნადირობის სცენებია ასახული, ასევე სხვადასხვა ქართული სიმბოლიკა" – ამბობს გეგუთის მკვიდრი მიშა ზივზივაძე. გეგუთში მცხოვრები მოსახლეობის თქმითვე, გეგუთის ციხე–სიმაგრე 1930-იან წლებში, თავად ქართველებმა დააზიანეს. რადგან მოსახლეობისთვის ციხე სიმაგრის ნანგრევები ქვის კარიერად იქცა. ,,დღემდე ლეგენდად დადის, რომ ქუთასში წაიღეს გეგუთის ციხე–სიმაგრის ნანგრევების დიდი ნაწილი და ის საშენ მასალად გამოიყენეს“, – ამბობს გეგუთში მცხოვრები კახა დვალიშვილი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, გეგუთის სამეფო სასახლე VII-VIII საუკუნეებში ,,მონადირეთა სახლის" სახით ააშენეს. ხოლო სასახლის მთლიანი მშენებლობა XI-XII საუკუნეებში დასრულდა. მემატიანეების მოწმობით, გეგუთის სასახლეში მოღვაწეობდნენ დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე და სხვანი. ისტორიის მიხედვითვე, ციხე–დარბაზი XVIII ს–ის უკანასკნელ წლებამდე, კარგად იყო შემონახული, მაგრამ იგი შესამჩნევად დაზიანდა იმერეთის სამეფოს არსებობის უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ბრძოლების დროს. ძეგლის დანგრევა და გაპარტახება კი XX საუკუნის 20–იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც აქედან დიდი რაოდენობით მიჰქონდათ აგური ქუთაისში ახალი შენობების ასაგებად. ამ დროიდან დაწყებული, ციხე–დარბაზი სულ უფრო ჰკარგავდა თავის წინანდელ სახეს და ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია. 1953 წლიდან კი დაიწყო ძეგლის კონსერვაციის სამუშაოები. როდესაც ეზოს ქვის ღობე შემოავლეს. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, გეგუთის ციხე–სიმაგრის აღდგენისათვის ამ დრომდრე არასვის უზრუნია.
ავტორი: