წვიმის შედეგები ქუთაისში
ქუთაისში, ძლიერმა წვიმამ, დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე N 37 – ში მცხოვრები სოხაძეების ოჯახი დააზარალა. სოხაძეების ოჯახს, წვიმამ ჯერ სახლის სახურავი დაუზიანა, ხოლო შემდეგ, წყალმა მათი საცხოვრებლის სარდაფშიც შეაღწია. "ორი საათის მანძილზე თავზე გვაწვიმდა, ამის მიზეზი, ჩვენს ზედა ბაგრატის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებია. იქ გზას ისე იგებენ, რომ სანიაღვრე სისტემა არ არის შენარჩუნებული. შესაბამისად, წყალი,წვიმის შედეგად დაგროვდა, ვერსად გავიდა და ჩემს სახლში ჩამოვიდა," – ამბობს დაზარალებული ლია სოხაძე. ძლიერი წვიმის შედეგად ასევე ტაბიძის ქუჩა N 2 – ში მდებარე ძველი ბინის აივანი ჩამოინგრა. თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებზე მათ დროული რეაგირება მოახდინეს. "ბაგრატის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგროვილი იყო მიწა, რომელიც წყალს არ ატარებდა. ასევე ბინა, სადაც აივანი ჩამოინგრა ძალიან ძველია. ჩვენ ორივე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივედით და შესაბამისი ზომები მივიღეთ," – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბაკურ ხურციძე.
ავტორი: ანა ჯანაშია