|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოკითხულთა აზრით, საზოგადოების პოლარიზებას ყველაზე მეტად პოლიტიკოსები და რუსეთი ახდენენ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოების ყველაზე მეტად პოლარიზებას პოლიტიკოსები და რუსეთი ახდენენ. მაღალია ასევე იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოების გაყოფას ხელს ქართული მედია უწყობს და მათი პროცენტული მაჩვენებელი 72-ს შეადგენს.

რაც შეეხება დაახლოებას, კვლევის თანახმად, მოსახლეობას ერთმანეთთან ყველაზე მეტად რელიგიის ფაქტორი აახლოებს.

გამოკითხული მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ რელიგიის ფაქტორი ადამიანებს აერთიანებთ; 29% კი თვლის, რომ პირიქით, ჰყოფს. გამოკითხულთა ყველაზე მაღალი პროცენტი 81%-ი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პოლარიზებას პოლიტიკოსები უწყობენ ხელს.

73% მიიჩნევს, რომ რუსეთი ჰყოფს საზოგადოებას, ამავე კვლევით გამოკითხულთა 9% თვლის, რომ რუსეთის ფაქტორი საზოგადოებას აერთიანებს. გამოკითხულთა ასევე 73% მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა ახდენს საზოგადოების პოლარიზაციას. 

გამოკითხულთა 46%-ი თვლის, რომ ევროკავშირის საკითხი საზოგადოებას აერთიანებს, 31%-ი კი ფიქრობს, რომ ყოფს. რაც შეეხება ნატო-ს საკითხს, გამოკითხულთა 31%-ი მიიჩნევს, რომ ნატო ჰყოფს, ხოლო 45%-ი მიიჩნევს, რომ აერთიანებს.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ავტორი: ნიუპრესი