|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამოძიება წარიმართოს სწრაფად და გამჭვირვალედ" - EMC ჭიათურის მოვლენებს ეხმიანება

ადამიანის სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრი (EMC) ჭიათურაში მიმდინარე აქციას ეხმიანება და პროკურატურას გამოძიების  სწრაფად და გამჭვირვალედ წარმართისაკენ მოუწოდებს.

"ჭიათურაში, პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ადგილობრივები უკვე მე-17 დღეა შიმშილობენ. პროტესტის მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და 26 მაისს დაკავებული პირის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ.

ხანგრძლივი შიმშილობა მძიმედ აისახება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 3 ივნისიდან დღემდე მათ არაერთხელ დასჭირდათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა უკანასკნელ დღეებში და აუცილებელი გახდა მოშიმშილეთა საავადმყოფოში გადაყვანა, აგრეთვე სასწრაფო დახმარების ადგილზე რამდენჯერმე გამოძახება.

15 ივნისს, EMC-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციის მონაწილეები და ჩამოართვეს დეტალური ახსნა-განმარტებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ:

  • 26 მაისს მომხდარი ინციდენტის განვითარება შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლიციელთა შეურაცხმყოფელ, არაეთიკურ და პროვოკაციულ ქცევას ადგილობრივების მიმართ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა უძღვოდა წინ პოლიციელთა კომუნიკაციას აქციის მონაწილეებთან, რა მიზნით და სამართლებრივი საფუძვლით მივიდა პოლიცია ადგილზე და შევიდა კონტაქტში ადგილობრივებთან;
  • აქციის მონაწილეები ასევე უთითებენ, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმ პირს, რომელიც შემდეგ დააკავეს პოლიციის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, გამოძიებით დადგინდეს, სამართალდამცავთა რა ქმედებები უძღოდა წინ ამ პირის დაკავებას;
  • ინციდენტის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით ასევე დააკავეს 8 პირი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულების ნაწილის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. ამაზე საუბრობენ როგორც დაკავებულები, ისე ის ადამიანები, ვინც იმ დროს იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილების შენობასთან. დაკავებულების დაზიანებები ასევე აღწერილია დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო დოკუმენტაციაში. აქციის ერთი მონაწილის დაზიანებები ასევე დადასტურებულია ადგილობრივი საავადმყოფოს დასკვნით;

26 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პოლიციელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტზე.

იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ინფორმაცია პოლიციის მხრიდან დანაშაულის შესაძლო ფაქტებზე მიუთითებს, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება პროკურატურამ განახორციელოს. ამასთან, დაკავებული პირების ახსნა-განმარტებები მიუთითებს შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაზე, რაც პროკურატურას ავალდებულებს, გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოოს. EMC მოუწოდებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, გამოძიება წარმართოს სწრაფად და გამჭვირვალედ და დროულად მიანიჭოს დაზარალებულებს სტატუსი, რათა მათ მიეცეთ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის რეპრესიულ პოლიტიკას, დაშინებასა და ძალადობაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას აპროტესტებენ. რამდენიმე კვირის წინ, კასპში მიმდინარე აქციაზეც, ადგილობრივი ახალგაზრდები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ, თუმცა, უცნობია, რა რეაგირება მოყვა ამ ფაქტს. ამ კონტექსტში, ასევე უნდა აღინიშნოს სამტრედიასა და ხარაგაულში მომხდარი დემურ სტურუას და ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის ფაქტები, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებდნენ. ეს შემთხვევები ნათლად აჩვენებს პოლიციის მუშაობის პრობლემებს რეგიონებში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საკითხის შესწავლას და სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ამავდროულად, ცალკეული შემთხვევების შესწავლის და მათზე რეაგირების პარალელურად, უწყებამ უნდა გადახედოს არსებულ საპოლიციო პრაქტიკებს და რეალურად დაიწყოს მოქალაქეების ნდობასა და მათთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული საპოლიციო მეთოდების დანერგვა", -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი