გელათი ბაგრატის ბედს ვერ გაიზიარებს. ჩვენ ამისთვის უკვე ყველაფერი გავაკეთეთ - თეა წულუკიანი
აღმოჩნდა, რომ გიორგი გაგოშიძისა და სხვა მსგავსი ვითომ პროფესიონალების, ხუმრობით ვამბობ, „პროფესორობით“ გელათის სახურავზე ასეულობით კვადრატულ მეტრზე დაგებულ ე.წ. წითელ და თეთრ კრამიტს არ გაუვლია სამხარაულის ექსპერტიზა, – განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ ასე წარმოგვიდგენია კულტურის სამინისტროს მართვა და ჩვენს დროს გავატარეთ სამხარაულის ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა ნიმუშები სახურავიდან და დადგინდა, რომ არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს არც ყინვამედეგობის და არც წყალმედეგობის კრიტერიუმებს. შევეცადეთ, დაგვეჩქარებინა პროცესი იუნესკო-ს იმ იტალიელ ექსპერტებთან, რომლებზეც იუნესკო-მ თქვა, აი, ესენი არიან, ვინც დაგეხმარებათ გელათის გადარჩენაშიო. ეს არის ერთი ჯგუფი სახურავის, კლიმატის და კედლის მხატვრობის პროფესიონალები. ისინი მუშაობენ, მაგრამ სიჩქარე ამ საქმეში არ ვარგა. ჩემს თანამშრომლებს პანდემიიდან გამომდინარე მომავალ კვირაში აქვთ „ზუმით“ ჩართვა. დროში გაწერილი გეგმაა და ისინი უკვე ზაფხულისთვის შემოგვთავაზებენ საბოლოო პროექტს, რომელიც მაინც არ იქნება მზად განხორციელებისთვის, რადგანაც ქვეყნის შიგნით შესაბამის საბჭოებში უნდა შედგეს ფართო განხილვა. შემდეგ უნდა შედგეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მედიის, თქვენი და არა მხოლოდ თქვენი დახმარებით და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს კორექტივების შეტანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სახურავიდან წყალი არ ჩადის.
„ამასობაში, იქ წყალი არ ჩადის და მიუხედავად იმ ადამიანების წივილ-კივილისა – დადექით და უყურეთ, არ შეეხოთ არაფერს, ჩვენ შევძელით, გადაგვერჩინა. მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, მერაბ ბუჩუკურს და მის გუნდს, რომლებიც არ დაგვზარდნენ და თუნდაც, ის რად ღირს, რომ მათ გადაარჩინეს ჩამოშლის პროცესში მყოფი მაცხოვრის კედლის მხატვრობა გელათში და არა მხოლოდ, სია გრძელია. ეს ნაწილები გადარჩენილია და ცვენის პროცესი იქ აღარ მიმდინარეობს, მაგრამ გრძელვადიანი გადარჩენის პროცესი და გეგმა რა უნდა იყოს, როგორც მოგახსენეთ, ჯერ კიდევ განხილვის საგანია, სადაც, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ ასევე საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.მსგავსი: ინტერვიუ თეა წულუკიანთან
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაიზიარებს თუ არა გელათი ბაგრატის ტაძრის ბედს და ემუქრება თუ არა გელათსაც იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღება, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გელათი ბაგრატის ბედს ვერ გაიზიარებს.
„რა თქმა უნდა, გელათი ბაგრატის ბედს ვერ გაიზიარებს. ჩვენ ამისთვის უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და ვართ იმედიანად. თუმცა, ძალიან დიდი სამუშაო არის გარკვეული რისკები, სწორედ ამ არაკვალიფიციური ადამიანების გამო, რომლებიც დღეს ქუჩაში ბევრს ყვირიან. ვფიქრობ, ამ რისკებს სწორად ვუმკლავდებით და არის მაქსიმალურად დაზღვეული. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და იუნესკო-ს თითოეულ თანამშრომელს და მათ გენმდივანს მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რადგანაც მათ მგონი, ამ ქუჩაში მდგარ ზოგიერთ ვაიქართველზე უკეთესად ესმით, რა არის გელათი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ყველა შანსი არის ჩვენს მხარეს, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, ბაგრატი არის ემბლემა სწორედ იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას და ყვირის, ვინაიდან სწორედ მათი არასწორი საკონსერვაციო-სარესტავრაციო და კულტურის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ბაგრატი დღეს აღარ არის იუნესკო-ს სიაში.
„მაგრამ რაღა დარჩენიათ? – მხოლოდ ყვირილი, სპეკულაციები და პრობლემების ძებნა იქ, სადაც პრობლემები არ არის. თუმცა, ვერ დაგპირდებით, რომ კულტურის სამინისტროში ყველაფერი წარიმართება მათი ფონური ხმაურის გარეშე. იმიტომ, რომ მათ კიდევ ბევრი ექნებათ საყვირალი. პრობლემები არის თავზე საყრელი და ეს ის პრობლემებია, რომლებშიც ისინი ყვაოდნენ და მოსწონდათ, მაგრამ ეს პრობლემები არ გვეპატიება, თუ არ გამოვასწორეთ, რადგან ქართული კულტურა იმსახურებს პირველ რიგში სინდისს, პატიოსნებას და ისეთ მიდგომას, რომელიც სიფრთხილესა და გონივრულობას ეფუძნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
1.tv
ავტორი: ნიუპრესი