გიგა შუშანია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის გასაჯაროებას ითხოვს
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ქალაქის მერიისაგან რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის გასაჯაროებას მოითხოვს.
შუშანია "ნიუპრესზე" გასულ მასალას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდში არ იცნობენ.
"თქვენ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ მუნიციპალურ განვითარების ფონდში ოფიციალური განხილვა ამ პროექტის არ მომხდარა და ისინი საქმის კურსში არ არიან ამ პროექტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საკრებულოს კომისიაზე მთავარმა არქიტექტორმა განაცხადა, რომ სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდშია წარდგენილი ეს პროექტი, და პირველი ეტაპის დასაფინანსებლად 20-25 მილიონ ლარს ელოდებიან. მათი თქმით, პროექტი სამ ეტაპად აქვთ გაწერილი. თქვენი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ეს არ ყოფილა რეალობა და პროექტი მხოლოდ იდეის დონეზეა.
მოვუწოდებ ქალაქის მერს, სასწრაფოდ გახადოს საჯარო, რა პროექტთან გვაქვს საქმე, არის თუ არა დათვლილი ხარჯები, საიდან აპირებს ამ თანხების მოტანას და საერთოდ, რა სამუშაოების შესრულება იგეგმება"- აცხადებს გიგა შუშანია.
შეგახსენებთ, ქალაქის მერიამ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა, სადაც აღნიშნულ პროექტს ქუთაისისათვის საუკუნის პროექტი უწოდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე