გოჩა ჩხაიძის „თეთრი ქუთაისი“
მუსიკოსების ოჯახში გაზრდილისათვის ხელოვნება უცხო არ ყოფილა, თვითონაც კარგად მღეროდა, თუმცა არჩევანი მხატვრობაზე შეაჩერა და თავისი მუსიკა ფერწერაში გადაიტანა. უყვარს ფერები და ამბობს, რომ ყველაფერი ფერია, მთავარია მათი შეხამება, რომ ნახატმა სული შეიძინოს.
გოჩა ჩხაიძე 1966 წელს ქუთაისში დაიბადა, სკოლაც ქუთაისში დაამთავრა. პარალელურად დადიოდა ე.წ. პიონერთა სასახლეში მუსიკისა და ხატვის წრეებზე. როგორც ამბობს, არჩევანი მხატვრობაზე შეაჩერა, რადგან ფერებში იპოვა საკუთარი თავი. მის არჩევანზე დიდი გავლენა ხატვის პედაგოგმა, ალიოშა ტოგონიძემ მოახდინა.
„მოხარული ვარ, რომ დავიბადე ქუთაისში, სადაც მივიღე განათლება. განსაკუთრებულად მიყვარს ეს ქალაქი. თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წავედი და 1988 წელს თიოძის სახელობის ტექნიკუმში ჩავაბარე, 1990 კი სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა, ფერწერის რესტავრაციის სპეციალობაზე. სწავლის პერიოდში ვმონაწილეობდი გამოფენებში. 1997 წელს მხატვართა კავშირის წევრი გავხდი.
ჩამოვედი ქუთაისში, თუმცა თბილისთან კავშირი არ შემიწყვიტავს, პარალელურად, ვმუშაობდი თბილისში. მახსოვს, პირველი პერსონალური გამოფენა რომ გავაკეთე ქუთაისში, ეს იყო სენსაცია იმ დროისთვის. მაშინ მიღებულმა ემოციამ მომცა სტიმული აქტიურად გამეგრძელებინა ხატვა. ჩემს ქალაქში ორი პერსონალური გამოფენა მოვაწყვე“, – აცხადებს გოჩა ჩხაიძე.
თვლის, რომ მხატვრისათვის გამოფენა აუცილებელია. ეს მხატვარს მეტ მოტივაციას აძლევს, რომ თავისი საქმე აკეთოს. ამბობს, რომ ერთი გამოფენა 10 ნამუშევარს ქმნის, ამიტომაც დათანხმდა, ქუთაისში გალერეა „ვარლა“–ში მოწყობილ გამოფენაში მონაწილეობას. გამოფენა ქალაქის მერიის ორგანიზებით ჩატარდა და იმით იყო გამორჩეული, რომ სხვადასხვა თაობის იუბილარი მხატვრები შეიკრიბნენ და ერთობლივი გამოფენა მოეწყო. გამოიცა ბროშურა სახელწოდებით „იუბილარი მხატვრები“, სადაც 7 მხატვრის შემოქმედება გაერთიანდა.
გამორჩეულად რეალიზი უყვარს, საკუთარი თავიც ამ მიმდინარებაში იპოვა, რადგან თვლის, რომ რეალიზმი არის ყველაფრის საწყისი.
„ძალიან მიყვარს რეალიზმი, რადგან ყველაფრის საწყისი ესაა. თუ რეალიზმი იცი, ესე იგი ყველაფერი იცი და ყველა სფეროს შეგიძლია შეეხო. ამის მერე შეგიძლია სხვა მიმდინარეობებითაც დაინტერესდე, მეც გადავედი ძიების პროცესში, მოდერნიზმსა და დაზგურ გრაფიკაში მინდა გავცადო თავი“, –აცხადებს მხატვარი.
მის შემოქმდებაში განსაკუთრებული ადგილი ფერებს, ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებს უჭირავს. შერჩეული ფერები მართლაც გაბრუნებთ ბავშვობაში. ამბობს, რომ უყვარს ნახატები, რომლებშიც ბევრი პოეზია და მუსიკაა. უნდა, რომ საკუთარი შემოქმდებით სხვებს დღევანდელობის მიღმა არსებული სამყარო დაანახოს.
„არ მინდა მხოლოდ სენტიმენტალობით გამოვირჩეოდე. დღევანდელობის სხვანაირი განცდა მაქვს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, მინდა, ჩემი შემოქმდებით დავანახო სხვებს. ჩემს ნახატებში ძალიან ბევრია ბავშვი და ფეხმძიმე ქალი. სურვილი მაქვს ხატვის დროს ყველა ქალს მუცელი გამოვუბერო, როგორც ახალი სიცოცხლის დასაწყისს“.
თვლის, რომ ნახატისათვის მთავარი ფერებია. თავად შავი და თეთრი ფერები უყვარს. მხატვრის ქუთაისიც თეთრი ფერისაა, რადგან თეთრ ქვებზეა გაშენებული, ამიტომ არის გამორჩეული და ლამაზი. თან ხუმრობს, რომ შეიძლება, ქუთაისი ზოგისთვის შავია. გოჩა ჩხაიძეს მიაჩნია, რომ სამყაროში ყველაფერი ფერია და არ არსებობს სამყარო ფერების გარეშე.
ქუთაისელი მხატვარი არა მხოლოდ საქართველოში, გერმანიაშიც ცნობილია თავისი შემოქმედებით. 2002 წელს მიწვევით წავიდა გერმანიაში და მას შემდეგ არაერთი გამოფენა მოაწყო. ამჯერადაც აქტიურ საქმიანობას ეწევა. თვლის, რომ დამთვალიერებლები ეროვნების მიხედვით განსხვავდებიან. ვინაიდან ევროპელები განებივრებულები არიან ევროპული მხატვრებით, მათ მოსწონთ სიახლე მხატვრობაში. ქართული ფერთა გამა, ორნამენტები მათ გაოცებასა და მოწონებას იმსახურებს. ამიტომ თვლის, რომ ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ საქართველოსათვის დამახასიათებელი ნიშა. თავად ნიკო ფიროსმანის შემოქმედების თაყვანისმცემელია. ამიტომაც საყვარელ მხატვარს ნამუშევარი მიუძღვნა, სადაც „დულცინეა“ გამოუსახა, ნიშანი იმისა, რომ მან ბოლოს მაინც იპოვა ის, ვისაც ეძებდა. საკუთარ თავს კი ლიტერატურულ გმირს - „დონ კიხოდს“ ადარებს.
უახლოესი მომავლის გეგმებში სამშობლოში გამოფენა და რაიმე აქტივობა არ შედის. ამჯერად გერმანიაში გამოფენა–გაყიდვისათვის ემზადება. გოჩა ჩხაიძე თვლის, რომ ყველა ნახატი უნდა გაიყიდოს, რომ მეტმა ადამიანმა შეიყვაროს მხატვრობა და ხელოვნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი