მწარე სიმართლე, რომელიც რეჟისორმა მაყურებელს სცენიდან შეახსენა(VIDEO)
მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ გოგოლის "რევიზორით"გაიხსნა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ კომედია იგავის ჟანრში გადაწყვიტა და მაყურებელს განსხვავებული ვერსია შესთავაზა.
ამ სპექტაკლით სცენამ კიდევ ერთხელ დაიბრუნა თავისი საზოგადოებრივი ფუნქცია და მაყურებელს ფიქრისა და განსჯისათვის რამდენიმე თემა დაუტოვა.
მწარე სიმართლე, რომელიც რეჟისორმა სცენიდან შეახსენა მაყურებელს, სასაცილო სულაც არ იყო. იმას, თუ როგორ ვცდილობთ პროვინციას დავაღწიოთ თავი და ყველამ დედაქალაქში ვიცხოვროთ, ან როგორ გვეშინია, დედაქალაქელ სტუმართან სასაცილოდ არ გამოვჩნდეთ. ქალაქის საპატიო მოქალაქეები ქალაქის თავს უჩივიან, თავის მხრივ ქალაქის თავი და ჩინოვნიკები „რევიზორის“ მოსასყიდად არაფერს იშურებენ. ამის მიზეზი მათი კორუმპირებლობის გარდა ისიცაა, რომ მათი ბედი იქ, შორეულ დედაქალაქში წყდება, ასეთია პროვინციის ბედი. და ეს ამბავი აქტუალური იქნება, სანამ პატარა ქალაქები თავად არ გახდებიან თავიანთი ცხოვრების განმკარგავები, ამას პოლიტიკურ ენაზე დეცენტრალიზაცია ქვია.
გოგოლი და მასთან ერთად გიორგი სიხარულიძე დასცინის ადამიანურ სისუსტეებს, რომელსაც გასაქანი მაშინ მეტად ეძლევა, როდესაც ირგვლივ განუკითხაობაა და ჩინოვნიკს შეუძლია ქრთამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობა იყიდოს.
გოგოლის გმირებში შესაძლოა ბევრმა საკუთარი თავი, ან მის ირგვლივ მყოფნი ამოიცნო. ამას ვერ გავიგებთ, რადგან ეს უხერხული კითხვა არავისთვის დაგვისვამს.
პროვინციალიზმისაგან შორს იყო მესხიშვილის თეატრის დასის საშემსრულებლო ხელოვნება.
სპექტაკლში სხვადასხვა თაობის 26 მსახიობი მონაწილეობს. დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს გელა ებანოიძემ -ქალაქის თავი, ენდი ძიძავამ, ინგა კაკიაშვილმა, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსის სახე შექმნა გიგა მიქაძემ, მოსამართლე - გოჩა ნემსიწვერიძემ, საღვთო დაწესებულებათა მზრუნველის როლი თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა შეასრულა, ფოსტმეისტერი - ალექსანდრე ტოროტაძემ, დობჩინსკი - გიორგი ბენიძემ, ბობჩინსკი - აბელ სოსელიამ, „რევიზორი“ - რეზი ქაროსანიძე გახლდათ, გიორგი ჩაჩანიძე კი მისი მსახური.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ლელა ლომთაძე, ლამარა ვაშაკიძე, გიზო ღელეყვა დავით გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ კობახიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, ნანა ცხვირაშვილი, გიგა აბულაძე, განსაკუთრებული სტუმარი- გაგი შენგელია.
სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებისათვის გიორგი სიხარულიძემ საგალობლები გამოიყენა. აღსანიშნავია მხატვრების ესმა ხეცურიანისა და რამაზ ფორჩხიძის ნამუშევარი.
ავტორი: ირინა მაკარიძე