იმერეთის წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტი იმერეთის მხარისა და კუიავო-პომორსკის სავოევოდოს თანამშრომლობის ფარგლებში შედგა და ძირითადი მიზანი აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო.
ასევე, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ძირითადი თემა იყო სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებით მეგობარ რეგიონში არსებული სიახლეების გაზიარება.
ქართული დელეგაციის წევრები რამდენიმე სამედიცინო, კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობას გაეცნენ. ასევე, ესტუმრნენ ტორუნის კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც მოინახულეს ლაბორატორიები და ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე "ერასმუსის" ფარგლებში, მეცნიერთა თანამშრომლობაზე "ჰორიზონტ ევროპას" ფარგლებში და სტუდენტების საზაფხულო გაცვლით პროგრამაზე. აღნიშნული ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კუიავო-პომორსკის უნივერსიტეტების თანამშრომლობას, ასევე ქუთაისისა და ტორუნის დამეგობრებას. დაიგეგმა პოლონელი მეცნიერების და აკადემიური წრეების წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი ქუთაისში, რათა ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და ორივე მხარისთვის უფრო ეფექტური იყოს.
ავტორი: ნიუპრესი