|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიებას ითხოვენ

"ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას მიმართავს. 

 მიხეილ დაუშვილის განცხადებით, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო.

დაუშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანიის მართვა კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ხდება.

„პარტია „საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდი განცხადებით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით, რომელიც თითქმის 7 წელია ოპერირებს სპეციალური მართვის რეჟიმში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მის არაეფექტიან მართვაზე, რითაც ილახება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესი, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციული გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას.

კომპანიის თავდაპირველი მმართველი 2009-2016 წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, რითაც უდიდეს ზიანს აყენებდა ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობას, უკიდურესად აბინძურებდა გარემოს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 416 მილიონ ლარზე მეტი.

2012-2016 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სანქციები საკმარისი ვერ აღმოჩნდა, კომპანიის თავდაპირველი მმართველები უხეშად აბინძურებდნენ გარემოს და არღვევდნენ კანონმდებლობას, აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ხოლო ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს კომპანიაში დასაქმებულებისათვის. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წელს კომპანიაში დაინიშნა სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველის დავალება იყო გამოესწორებინა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დაცული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.

სპეციალურმა მმართველმა ვერ შეძლო ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით 2020 წელს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა 3 წლით, შარშან კი დამატებით 2 წლით.

სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში და რეალურად, სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები”, - განაცხადა  დაუშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი