|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 21-25 მარტს რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. ღონისძიებებში ეთას იუნკრებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები მონაწილეობდნენ.

სტუდენტთა ინტეგრაციის პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კვირეულის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კადეტების ადგილობრივ აქტივობებში ჩართვასა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
2016 წლის საერთაშორისო კვირეული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გახსნეს.
სხვადასხვა სახის აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში ქართველი და უცხოელი იუნკრები მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
კადეტებისა და იუნკრებისთვის მოეწყო ტური საქართველოს დედაქალაქში. მათ team building exercise-შიც მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ჯგუფური დავალებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს თბილისის ტურის შესახებ შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.
უცხოელი სტუმრები აკადემიის იუნკრებთან ერთად თბილისში პრეზიდენტის სასახლესაც ესტუმრნენ, სადაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველსა და საგარეო ურთიერთობათა მდივან თენგიზ ფხალაძეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძეს შეხვდნენ.
კვირეულის მონაწილეებისთვის ლექციები წაიკითხეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარმა სერჟანტმა კობა ოშხერელმა. ლექციების მთავარი თემები საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხედრო გამოწვევები და საერთაშორისო უსაფრთხოება იყო.
კულტურულ-შემეცნებით აქტივობებთან ერთად საერთაშორისო კვირეულის მონაწილეები წვრთნასა და სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთნენ. ისინი საჩხერის სამთო-მომზადების სკოლასა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტასაც" ესტუმრნენ.
საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში კადეტებმა და იუნკრებმა დაბრკოლებების გადალახვასა და სროლაში მოსინჯეს ძალები.
ღონისძიებების შეჯამება საერთაშორისო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეების მიერ პრეზენტაციების წარდგენა იყო, თემით: „რას ნიშნავს იყო ოფიცერი?
ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო კვირეული 25 მარტს საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი: