|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კარი რომ სულ ღია დავტოვო, ამხელა მნიშვნელობის ძეგლს უდიერად მოეპყრობიან"

ქუთაისში მდებარე „ოქროს ჩარდახი“ დაკეტილი კარის მიუხედავად, ტურისტებისა და ადგილობრივი მნახველებისთვის ხელმისაწვდომი ადგილია. კარის დაკეტვის მიზეზად კი "ოქროს ჩარდახის" დირექტორი ემზარ ჭინჭარაძე დამთვალიერებლების უდიერ მოპყრობასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეურაცხყოფას ასახელებს.

„ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ჭიშკარი რომ სულ ღია დავტოვო, ვერიკო ანჯაფარიძის ბაღში მყოფი ყველა ადამიანი აქ მოვა, ძირითადად, სველი წერტილისთვის სურთ შემოსვლა, ლუდით ხელში დადიან და კაცმა არ იცის, რას გააკეთებენ აქ.
საკმარისია ერთი ასანთის ღერი და ამხელა მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდება.  „ოქროს ჩარდახს" განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება, თორემ ეს ხალხის საკუთრებაა და როცა მოესურვებათ, მე სულ აქ ვარ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნახონ“,- განაცხადა ჭინჭარაძემ.

შედის თუ არა  "ოქროს ჩარდახი" ქუთაისის ტურისტულ მარშრუტში? - ამის გასარკვევად საინფორმაციო სააგენტო “ნიუპრესი” ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ტატო ლილუაშვილს ესაუბრა,
„ყველა საინფორმაციო ბუკლეტზე არის ინფორმაცია "ოქროს ჩარდახის" და მისი მდებარეობის შესახებ. ტურისტებს თავისუფლად  შეუძლიათ "ოქროს ჩარდახს" ესტუმრონ", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

„ტურისტული საინფორმაციო ცენტრიდან ბევრი ტურისტი მოდის რუკით და საინფორმაციო ბუკლეტით ხელში,  აქ მე ვხვდები და თვითონვე ვუწევ გიდობას, თან თვალყურს ვადევნებ. ხშირად ყოფილან ტურისტები, რომლებიც დაუდევრად მოქცევიან ამხელა მნიშვნელობის ძეგლს“, -განმარტა ჭინჭარაძემ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე