"კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა"
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოში დღეს უკვე არსებობს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School).
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 ინიციატივას შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის დაარსება სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მოხდა, რომელიც საქართველოს 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მიენიჭა. პაკეტის მიზანი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობაა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები განკუთვნილია როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო თუ სამხედრო პირებისთვის, ასევე აღნიშნული სფეროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. შემდგომ ეტაპზე, სკოლის კურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა უცხოელ მონაწილეებსაც ექნებათ.
სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატოსთან თავსებად თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებსა და მართვის მოდელს გამოიყენებს, რაც სკოლას შესაძლებლობას მისცემს ნატოს სკოლის სტატუსი მიიღოს.
საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. სკოლა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თაკიმ ილდემმა გახსნეს.
საზეიმო ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა: "სულ უფრო მეტი ქვეყანა, როგორც ევროპაში ასევე აზიაში, ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სტაბილურობას ნატოში ინტეგრაციაში ვხედავთ. ჩვენ არაერთი მტკიცე ნაბიჯი გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. დღეს როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მნიშვნელოვანი ახალი ინსტიტუტის შექმნაზე, ეს არის ის წარმატება, რომელიც 2014 წელს უელსიდან წამოვიღეთ. მაგრამ ის წარმატება, თავის მხრივ, მიღწეული იყო არა ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გმირული შრომის და გმირული მოღვაწეობის შედეგად“.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში.
„ამ სკოლის მთავარი დევიზია „კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა“. ეს არის ის მთავარი ამოცანები, რომელსაც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა უნდა ემსახუროს. ეს არის პრინციპები, რომელსაც სკოლა დაეფუძნება. ეს არის პრინციპები, რომლის მიმდევარი იქნება მისი ყოველი მსმენელი, პროფესორი და მასწავლებელი. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის პროექტი, რომელიც უელსის სამიტიდან წამოვიღეთ და ამ ერთი წლის განმავლობაში მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ სკოლის გახსნაში. ეს იყო საკმაოდ გრძელი და რთული გზა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში სკოლა უკვე მიიღებს პირველ მსმენელებს".
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს სკოლის მემორიალური დაფა გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ მრჩეველს, ქალბატონ სანდრა ხადურს:
_ არის თუ არა თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში წინ გადადგმული ნაბიჯი?
„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რეგიონში და რეგიონს გარეთ, სწავლებების და წვრთნების შესაძლებლობებსა და ფართო უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ განვითარებას გვთავაზობს. კარგი მართვა ნატოს ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების საწყისებშია. მაშასადამე, ეს აუცილებლად იქნება სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილი. ამასთან ერთად, სკოლა სხვადასხვა სახის დისკუსიის გამართვის ფორუმიც იქნება. მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს გენერალური მდივანი სექტემბერში მაღალი დონის ვიზიტისთვის შეხვედრას სწორედ აქ გამართავენ.
ნატო-საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და ნატოს წევრ ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ სტრუქტურებს შორის კავშირის დამყარების პერსპექტივაა, როგორიც არის ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში. ეს ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილების და იდეების გაზიარებასა და მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას. სკოლა ასევე მხარს დაუჭერს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ვინაიდან ის ეფექტური უსაფრთხოების პოლიტიკის საერთო მიდგომებსა და აღქმას უზრუნველყოფს. საქართველო ნატოში საკუთარ ნიშას შექმნის, რადგანაც სტანდარტული მიდგომა ამ მიმართულებით არ არსებობს და თითოეულ ქვეყანას საკუთარი, უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები აქვს, რომელთა გაზიარებაც შესაძლებელია. საქართველოს ამ ნიშის განსაზღვრაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაეხმარება“.
_ რა ხდის თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უნიკალურს საქართველოსა და რეგიონისთვის?
„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა შეიქმნა უკვე არსებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის საფუძვლებზე. ეროვნული თავდაცვის აკადემია მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო კარიერის განვითარებაში. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უფრო მეტი თავისუფლება ექნება სასწავლო პროგრამის განსაზღვრასა და დარგების განვითარებაში, ისევე, როგორც სწავლისადმი მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სკოლა, რომელსაც უკვე აქვს მყარი სამომავლო სასწავლო გეგმა, საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ უპასუხოს და განვითარდეს ცვალებად უსაფრთხოების გარემოში“.
სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: ნიუპრესი