ლელა ლომთაძე: ემოციური და მრავალმხრივი არტისტი
არტისტული, ემოციური და არაორდინალური– ასე იცნობენ ქუთაისში. ძნელია მისი ჩარჩოში მოქცევა. ხასიათიდან გამომდინარე, საქმიანობაც მრავალფეროვანი აქვს. პროფესიით მევიოლინეა. დაამთავრა კონსერვატორია და ამავდროულად წარმატებული სამსახიობო კარიერაც აქვს.
ლელა ლომთაძე- მსახიობი, მუსიკოსი, ვოკალისტი. ხელოვანი მშობლების გარემოცვაში გაიზარდა. ოპერის მომღერლობას აპირებდა, თუმცა, როგორც ამბობს, თინეიჯერობის ასაკში „ესტრადამ“ გადაძალა.
კონსერვატორია ვიოლინოს განხრით წარმატებით დაასრულა. თანამშრომლობდა ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრთან. მესხიშვილის თეატრში 1998 წელს ნუგზარ ლორთქიფანიძის ინიციატივით მივიდა და მას შემდეგ არაერთი სახასიათო როლი შექმნა. განსაკუთრებულად კერპთმსახური კარას როლს იხსენებს. „ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე ყველა თვლის, რომ ნაზი როლები შემეფერება, მაგრამ შინაგადან სხვაგვარი ბუნების ვარ. ძლიერი, სახასიათო როლები მომწონს, კარგად მახსენდება სპექტაკლი „უკანასკნელი დედოფალი“, სადაც კერპთმსახური ქალის, კარას როლი მოვირგე. ეს არის ძლიერი ქალი, რომელიც სამშობლოს ბედის დასადგენად სხვადასხვა რიატუალებს აწყობს“–აღნიშნავს მსახობი.
ამბობს, რომ დიდი ხანია სცენაზე გასვლის წინ აღარ ღელავს, ერთადერთი იმაზე ფიქრობს, როგორ მიიღებს მაყურებელი სპექტაკლს. ბოლო როლი მესხიშვილის თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ჰქონდა. მსახიობი სპექტაკლს დიდ გამოწვევად თვლიდა და ამბობს, რომ მთელი დასი რისკის ზღვარზე იყო.
„ეს იყო დიდი რისკი, უფრო სწორად ზღვარზე ვიყავით. ეს არის ბესტსელერი და სადღაც, ერთ პატარა ქალაქში გაბედავ და შექმნილ სასცენო ვერსიას, რა თქმა უნდა, რისკთან იყო დაკავშირებული, ან მოეწონებოდა მაყურებელს, ან არა. ინფორმაციებით ვიგებ, რომ ქუთაისელმა მაყურებელმა კარგად მიიღო, თუმცა მთავარი ის კი არაა, პიკანტურ სცენებზე გაიცინებს თუ არა ვინმე, არამედ ზუსტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. რეჟისორის ჩანაფიქრს უნდა მიხვდეს მაყურებელი. ზოგადად, ქუთაისელი მაყურებელი ცოტა განსხვავებულია, ვერ გაიგებ, რა მოსწონს და რა არა. აღარ ვღელავ სცენაზე გასვლის წინ, როდესაც იცი, რას აკეთებ, რამდენიმე თვე ემზადები, ვფიქრობ, სანერვიულოც არაფერია“.
მიუხედავად თეატრში დატვირთული გრაფიკისა, მის ცხოვრებაში მუსიკასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჯერ ნიკოლოზ ედგარიძის ანსამბლი „ალიონი“ იყო, შემდეგ კი სტერეოტიპების დამსხვრევას მუსიკაში თავადაც შეეცადა. ქალთა ჯაზბენდიც შექმნა, მაგრამ, როგორც ამბობს, სხვა წევრების ენთუზიაზმის ნაკლებობის გამო ბენდი მალე დაიშალა. „ეს არ იქნებოდა მხოლოდ მუსიკა, ეს იყო თერაპია, მაგრამ საკმარისი მონდომება ვერ აღმოჩნდა“,–აღნიშნავს ლელა ლომთაძე.
დეპრესიისგან თავის დასაღწევად სხვა თერაპიაც იპოვა. ძველი მძივებისგან ახალ ნივთებს აკეთებს. ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით ბოლო პერიოდში დაინტერესდა. მის მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა „ორმაისობის“ დღესასწაულის ტრადიციად იქცა.
„უსაქმურობისგან რაღაც დეპრესიისმაგვარი რომ ეწვევა შემოქმედებით ადამიანს, მეც ეგრე დამემართა. ჩემმა შინაგანმა სამყარომ რაღაც ახლის კეთება მომთხოვა. თან იმ დროს ხელნაკეთი ნივთების ბუმი იყო. მეც შევეცადე... ძველი მძივებისგან ახალ აქსესუარებს ვამზადებდი. თავდაპირველად, მხოლოდ ვერთობოდი, შემდეგ მეგობრებმა მოიწონეს, უფრო მეტმა ადამიანმა ნახა, ერთ დღესაც თამთა თურმანიძემ, „ორმაისობის“ დღესასაწულზე ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენაში მონაწილეობა შემომთავაზა, დავთანხმდი და საკუთარი ნივთები ფართო საზოგადოებას წარვუდგინე“.
ლელა ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება. ავტომობილები არ მოსწონს და უპირატესობას ჯანსაღ ტრანსპორტს ანიჭებს. თვლის, რომ ქუთაისში ველოსიპედებით გადაადგილების ტენდენცია ნელნელა მოდურიც ხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი