|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, პანდემიის IV ტალღამ ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე აგვისტოში ნეგატიურად იმოქმედა, რაც ძირითადად ისრაელიდან ვიზიტორების შემცირებით იყო გამოწვეული. მოლოდინების შესაბამისად, სექტემბერში ისრაელიდან ზრდა აღდგა, მთლიანობაში კი ტურისტული შემოდინებები იმავე დონეზე დარჩა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის სექტემბრის 50.8% შეადგინა. სამომავლოდ, ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით, მაღალი საბაზო ეფექტის გამო, გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ასევე თვალსაჩინოა არარეზიდენტების ბოლო კვირის უნაღდო ხარჯებიდანაც. სექტემბრის გზავნილების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო და წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა.

 

ტურიზმისა და გზავნილებისგან განსხვავებით, სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, ბუნებრივია, მაღალმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების თვიური ცვლილების ჯამმა უარყოფითი - დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სხვა პერიოდებისაგან განსხვავებით, ამავე თვეში ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ 60 მილიონ აშშ დოლართან შესადარია. ამასთან, თიბისის მთავარი ეკონომისტის აზრით, ლარზე ზეწოლის მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები უფრო იყო, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების მიხედვით დაანგარიშებული დეფიციტი. აღნიშნული, რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, აგვისტო-სექტემბერში ლართან შედარებით, ვალუტის დეპოზიტების გაცილებით უფრო მეტ ზრდაში ჩანს, რაც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც გაგრძელდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო დაკრედიტებაც აღდგენილია. არადა ფაქტობრივად, პანდემიის დროსაც კი, ლარის კურსი ხშირად სესხების სავალუტო კომპოზიციის ცვლილებასთან უფრო მეტადაა კავშირში, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დინამიკასთან.

 

ლარის მხრივ, გასულ კვირაში საყურადღებო იყო თურქული ლირის გაუფასურება. უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული კავშირის მიუხედავად, თიბისის მთავარი ეკონომისტის მოსაზრებით, აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო:

 

1. ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა.

2. თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. 3. ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული.

3. მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება.

4. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი.

5. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს.

6. ყველაზე მნიშვნელოვანი - უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, თიბისის მთავარი ეკონომისტი არ ფიქრობს, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს.

 

აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის კუთხით.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 18 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:

 

https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_18-10-2021_GEO.pdf

ავტორი: ნიუპრესი