"მამაკაცებმა მოსმენა და დროულად გაჩუმება უნდა ვისწავლოთ"
საქართველოში 7 000-ზე მეტმა გოგონამ მიატოვა სწავლა მე- 7 , მე - 8 კლასში. 5 500 არასრულწლოვანი გოგონაა ქორწინებაში - ასეთია ბოლო წლების მონაცემები. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დღეს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. საკითხზე ილიაუნის პროფესორმა ნინო დანელიამ, პოლიტოლოგმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა შოთა ხინჩამ და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა ეკა არველაძემ საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. სტუმრებმა ქალთა მოძრაობის მიღწევებზე, ასევე არსებულ პრობლემებსა და ბარიერებზე ისაუბრეს. შეხვედრა დებატებით გაგრძელდა, რომელსაც ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი უძღვებოდა.
გამომსვლელებმა ძალადობის ფორმებსა და მასზე საზოგადოების დამოკიდებულებაზე გაამახვილეს ყურადღება. დისკუსიაში აქტიურად განიხილეს ქალისა და მამაკაცის როლი პრობლემის გადაჭრაში.
"მამაკაცებმა მოსმენა და დროულად გაჩუმება უნდა ვისწავლოთ",- განაცხადა პოლიტოლოგმა შოთა ხინჩამ.
ავტორი: მარუსა ხურციძე